LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისსა და გონიოში საერთაშორისო ფინანსური ზონები შეიქმნება: “ჩვენი მიზანია, საქართველო გახდეს რეგიონული ფინანსური ცენტრი”

104
ipiccy-image

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, ქვეყანაში სპეციალური ფინანსური ცენტრების შექმნისთვის საკანონმდებლო ინიციატივის მომზადება იწყება.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, სპეციალური ფინანსური ცენტრები თბილისსა და გონიოში აშენდება და მისი განვითარება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს როგორც განვითარებული საფინანსო ინფრასტრუქტურის მქონე ქვეყნის პოპულარიზებას რეგიონსა და მსოფლიოში.

„რამდენიმე თვის წინ გავაჟღერე ინიციატივა, რომელიც ეხებოდა ქვეყანაში ფინანსური ცენტრების შექმნის იდეას, ამის თაობაზე გავაფორმეთ კონტრაქტი მსოფლიოში ცნობილ ფინანსურ კომპანიასთან Rothschild-თან. ახლა მინდა ეკონომიკის მინისტრს დავავალო, რომ გაუწიოს კოორდინაცია ამ პროცესს, მოამზადოს და წარუდგინოს საკანონმდებლო ინიციატივა საქართველოს პარლამენტს. ჩვენი სურვილია, შევქმნათ საქართველოში სპეციალური საერთაშორისო ფინანსური ზონები, რომლის შექმნა-განვითარება ჩვენი ვარაუდით ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას, სამუშაო ადგილების შექმნას, თანამედროვე, ფინანსური, ტექნოლოგიური სიახლეების გაზიარებას და ქვეყნის რეგიონულ-ფინანსურ ცენტრად ჩამოყალიბებას. ეს უნდა იყოს ჩვენი საერთო, საბოლოო მიზანი. გვაქვს ორი ფინანსური ცენტრის შექმნის იდეა, ერთი, რომ შეიქმნას თბილისის ფინანსური ცენტრი, თბილისის ზღვასთან 110 ჰექტარ მიწის ფართობზე განთავსდება და ქვეყნის და რეგიონის გამორჩეული საქმიანი ცენტრი გახდეს აღნიშნული ადგილი. ანალოგიური ცენტრის ჩამოყალიბება იგეგმება აჭარაში, გონიოს ტერიტორიაზე. გონიოში ჩვენ უფრო მულტიფუნქციური ცენტრის შექმნას ვგეგმავთ. ამის თაობაზე უკვე აქტიური მუშაობა დავიწყეთ. აქვე გვინდა, რომ შევქმნათ ფინანსური ცენტრი. სპეციალური ფინანსური ზონები საერთაშორისო კომპანიებს შესთავაზებენ საერთო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებულ სამართლებრივ რეჟიმს, ასევე საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებულ ლიბერალურ, რეგულატორულ და ფისკალურ რეჟიმებს. რაც მთავარია, ფინანსურ ზონებში მოქმედი საერთშორისო კომპანიების პერსონალის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს მოქალაქეები იქნებიან, რაც მათ განსაკუთრებული პროფესიული და კარიერული განვითარების საშუალებას მისცემს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველო მრჩეველი კომპანია Rothschild-ის დელეგაციას ერთ კვირაში მიიღებს. „მნიშვნელოვანია ისიც, რომ თბილისის და გონიოს ფინანსური ცენტრების შექმნაში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი საერთაშორისო რეპუტაციის და გამოცდილების მქონე კომპანიები, როგორიც არის ჩვენი მრჩეველი კომპანია Rothschild-ი. ერთ კვირაში ჩვენ მივიღებთ მათ დელეგაციას და დავიწყებთ აქტიურ მუშაობას. ჩვენი გათვლებით სპეციალური ფინანსური ზონების შექმნა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს როგორც განვითარებული საფინანსო ინფრასტრუქტურის მქონე ქვეყნის პოპულარიზებას რეგიონში და მსოფლიოში. ჩვენი სურვილი და მიზანია, რომ საქართველო გახდეს რეგიონული ფინანსური ცენტრი. ფინანსური ზონები ორიენტირებული იქნება ისეთ საერთაშორისო კომპანიებზე, რომლებიც ოპერირებენ აქტივების მართვის, ფინტეკის, სასაქონლო ტრეიდინგის, კაპიტალის მართვის და სხვა დარგებში. საბოლოო ჯამში ჩვენი ვარაუდია, რომ აღნიშნული ფინანსური ცენტრების ამოქმედება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კაპიტალის ბაზრის განვითარებას, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები