საქართველოს საელჩო ისრაელში 27 აპრილს, მაცხოვრის ტაძარში ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიაში მონაწილეობის მსურველებს აფრთხილებს.
საელჩოს ინფორმაციით, ყოველ წელს ისრაელის პოლიცია ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიის დროს უსაფრთხოებისთვის განსაკუთრებულ ზომებს იღებს.
„ამ დღისთვის ყველა მოქალაქეს, რომელსაც აქვს ჯანმრთელობის ცუდი მდგომარეობა, მოსალოდნელი ხალხის სიმრავლის გამო, რეკომენდებულია, თავი შეიკავონ მაცხოვრის ტაძარში მისვლისგან. ის პირები, რომლებიც დაესწრებიან ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიას, უნდა დაემორჩილონ პოლიციის პირველივე მითითებას ადგილის შეცვლასთან დაკავშირებით. დაუშვებელია იმ პირებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, რომელთაც ევალებათ ტაძარში და მასთან მისასვლელ გზებზე წესრიგის დამყარება.
გასათვალისწინებელია ასევე ის გარემოება, რომ მოქალაქის მხრიდან, თუნდაც თხოვნის ტონით შეპასუხება შეიძლება ჩაითვალოს როგორც სამართალდამცავი ორგანოს მიმართ წინააღმდეგობის გაწევად და შესაბამისად, ხალხის სიმრავლის გამო და წესრიგის დამყარების მიზნით შეიძლება გამოყენებულ იქნეს ძალა.
აუცილებელია, ყველა მოქალაქე მოერიდოს სასულიერო პირებთან კამათს, რომელთა ფუნქციებშიც შედის ტაძარში წესრიგის დამყარება.
მოქალაქეები უნდა მოერიდონ იერუსალიმის ძველ ქალაქში ე.წ. სპეციალური „ბრასლეტების“ – ტაძარში შესვლის საშვების შეძენას. იერუსალიმის პოლიციის თანამშრომლების მიერ მსგავსი ტიპის გაყალბებული „ბრასლეტების“ მქონე პირები გამოძევებულ იქნებიან მაცხოვრის ტაძრიდან.
იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე დაიკარგა ძველ ქალაქში, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს პოლიციას შემდეგ ტელეფონის ნომერზე: +972 26226100 (პოლიციის თანამშრომელი მიიყვანს მას უახლოეს პოლიციის განყოფილებაში) და დაუკავშირდეს საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურს.
ამასთან გასათვალისწინებელია, რომ სავიზო და სხვა სახის საზღვრის კვეთის მოთხოვნები საკმაოდ რთულია. დარწმუნდით, რომ გამომგზავრებამდე კარგად გაეცანით ისრაელის საემიგრაციო პოლიტიკას. ისრაელის დღესასწაულების და საზაფხულო ტურისტული სეზონის დღეებში გაითვალისწინეთ, რომ დაგჭირდებათ დამატებითი დრო, რათა გაიაროთ უსაფრთხოების კონტროლი აეროპორტში. ამ პერიოდში ისრაელი აძლიერებს უსაფრთხოების ზომებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.