LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შეუწყეთ ხელი მშობელს!“ – თამარ გაგოშიძე დამსაქმებლებს მიმართავს

tamargagoshidze

რა სჭირდებათ ჩვენს შვილებს და რას ვფიქრობთ ჩვენ, ამ თემაზე გადაცემაში ფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ისაუბრა. მისი თქმით, ყველაზე მტკივნეული პრობლემა დასაქმებული და დაკავებული მშობელია, რომელიც ვერ ახერხებს შვილთან სათანადო დროის გატარებას. თამარ გაგოშიძე მიმართავს დამსაქმებლებს და მათ თანამშრომლების ხელშეწყობისკენ მოუწოდებს.

„ის, რომ ჩვენს შვილებს სჭირდებათ სითბო, სიყვარული, მოვლა, განათლება, ეს ყველამ ვიცით. ამაზე საუბარი ძალიან ტრივიალურია. ზოგადად ძალიან რთულია იმის თქმა, რა სჭირდებათ ბავშვებს, სამ წლამდე ბავშვებს სჭირდებათ სულ სხვა რამ, გარდატეხის ასაკის ბავშვებს კი, სულ სხვა. ჩვილებს სჭირდებათ მშობლის უპირობო მხარდაჭერა და სიყვარული. ეს მიჯაჭვულობა ძალიან მნიშვნელოვანია. იმის მიხედვით, თუ როგორც ყალიბდება ბავშვის ემოციური რეგულაცია სამ წლამდე, სწორედ ეს ხდება მისი ფსიქიკური ჯანმრთელობის საწინდარი.

დღევანდელ დღეს ოჯახი გახდა ვირტუალური, დედა ტოვებს შვილს ძიძასთან, რადგან მან ფული უნდა იშოვოს. მშობლები ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი გაუკეთონ შვილებს და ეს მატერიალურ ექვივალენტში გადადის. ეს სამწუხარო რეალობაა. ძალიან ხშირად დედები მეუბნებიან, რომ ბავშვი ვერ იძინებს ან ძალიან შფოთავს. მათ ვეუბნები, რომ თქვენ გჭირდებთ შფოთვის შემცირება. თქვენ რომ შეგიმცირდებათ შფოთვა, მასაც შეუმცირდება. სამ წლამდე ასაკის ბავშვის საჭიროება არის მშვიდი, კეთილგანწყობილი, ნაკლებად შფოთიანი გარემო. ეს ძალიან ძნელად მიღწევადია ჩვენს დროში. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ის მინინიმალური დრო, რომელიც გვაქვს, ჩვენი შვილებისთვის გამოვიყენოთ“, – ამბობს თამარ გაგოშიძე.

კითხვაზე, შეძლებს თუ არა მშობელი აანაზღაუროს სამ წლამდე დაკარგული დრო, ფსიქოლოგი ამბობს , რომ ვერა: „აი ახლა კი მივმართავ დამქირავებლებს, ასეთი მუშაკი, რომელსაც აქვს დანაშაულის გრძნობა,  ვერ იქნება კარგი მუშაკი. მშობლებს სჭირდებათ ხელშეწყობა. დასავლეთში ძალიან ბევრი კვლევაა, რომელიც ამბობს, რომ თანამშრომლის პროდუქტიულობა და კმაყოფილება იქნება მაღალი მხოლოდ შვილებთან ურთიერთობის ხელშეწყობის ხარჯზე“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები