“მას შემდეგ, რაც ნიკა მელია ციხეს დატოვებს, მინდა, მოვუწოდო ენმ-ს, ხელი მოვაწეროთ ამ შეთანხმებას, იმიტომ, რომ ამ შეთანხმებაში არის მთავარი მეორე პუნქტი: შემოდგომაზე, თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად პრაქტიკულად რეფერენდუმი დაინიშნა”, – ამის შესახებ განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვის დროს გააკეთა.
მისი განცხადებით, ის დოკუმენტი, რომელიც დაიდო, ძალიან ბევრ ხარვეზს შეიცავს, მაგრამ დოკუმენტის მიხედვით ნიკა მელია და გიორგი რურუა საპატიმრო დაწესებულებას დატოვებენ.
“ჩვენ მივაღწიეთ, რომ ეს თვეები ოპოზიცია ინარჩუნებდა ერთიანობას. მივაღწიეთ საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობას. მე ძალიან მადლობელი ვარ ამერიკელების და ევროპელების, რომ მათ გულთან ახლოს მიიტანეს ჩვენი პრობლემები და მონაწილეობენ ამ პროცესში. მე მივესალმები შარლ მიშელის განსაკუთრებულ როლს.
ის დოკუმენტი, რომელიც დაიდო, შეიცავს ძალიან ბევრ ხარვეზს და რა თქმა უნდა, ძალიან შორს არის იმისგან, ბოლომდე გადაწყვეტდა კრიზისს. მაგრამ იქ არის 2 ძალიან მნიშვნელოვანი რამ: ჩვენი პარტიის გმირული თავმჯდომარე, ნიკა მელია უნდა გამოვიდეს საპატიმროდან, ისევე, როგორც გიორგი რურუა.
ნიკა მელიამ დატოვოს საპატიმრო ყოველგვარი დამამცირებელი პირობების, ყოველგვარი დამატებითი გირაოს გარეშე. უნდა დატოვოს ისე, როგორც მას სურს, იმიტომ, რომ ის ციხეში არის უკანონოდ და უდანაშაულოდ.
მაგრამ მას შემდეგ, რაც ნიკა მელია ციხეს დატოვებს, მინდა, მოვუწოდო ენმ-ს, ხელი მოვაწეროთ ამ შეთანხმებას, იმიტომ, რომ ამ შეთანხმებაში არის მთავარი მეორე პუნქტი: შემოდგომაზე, თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად პრაქტიკულად რეფერენდუმი დაინიშნა”, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, შემოდგომაზე ადგილობრივი არჩევნების პარალელურად ჩატარდება რეფერენდუმი, რომელიც “ნაციონალურმა მოძრაობამ” უნდა მოიგოს. სწორედ ამისთვის სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლას და პროცესში უშუალო მონაწილეობას გგემავს.
„შემოდგომაზე რეფერენდუმი იქნება, რომელიც ადგილობრივი არჩევნების პარალელურად უნდა მოვიგოთ. ჩვენ იმ პარლამენტში უნდა შევიდეთ, რომელიც მოპარულად მიგვაჩნია და ეს ინსტრუმენტიც უნდა გამოვიყენოთ. ჩვენ ასევე, დემოკრატიის ფარგლებში ყველა სხვა ბრძოლის ფორმა უნდა გამოვიყენოთ.
მეც, მიხეილ სააკაშვილიც ამ რეფერენდუმის წინ, წინასწარ ჩამოვალ საქართველოში, წინასწარ ვიქნები თქვენთან ერთად! რა რისკის ფასადაც არ უნდა იყოს ეს ჩემთვის, ამ პროცესის უშუალო მონაწილე ვიქნები. ყველას ერთიანობისკენ მოგიწოდებთ“, – განაცხადა სააკაშვილმა.
“ამ გაუგებრობაში ჩემი ადგილი აღარაა” – სამადაშვილი ნაციონალურ მოძრაობას ტოვებს
ხანდახან ცხოვრებას სხვა მხრიდან უნდა შეხედო – სალომე სამადაშვილის ფოტოგზავნილი