LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადზე კითხვარი გადაეცა

131
BeFunky-collage (6)

ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი გადასცა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შეუქცევადი პროცესი თვისობრივად ახალ ეტაპზე გადადის – საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი გადმოეცა“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თვითშეფასების კითხვარის შესავსებად საქართველოს ეძლევა  1 თვის ვადა, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილების მიღება საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით იგეგმება ა/წლის ივნისში დაგეგმილ ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის მიერ ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარის გადაცემისას განაცხადა, რომ საქართველოს ევროპული არჩევანი შეუქცევადია.

„საქართველო შედის უმნიშვნელოვანეს ფაზაში და ჩვენ ძალას არ დავიშურებთ, რომ დაგიბრუნოთ შევსებული კითხვარი, გავლილი პროცედურების მიხედვით. საქართველოს ევროპული მომავალი ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელია და ჩვენ მზად ვართ, დავიწყოთ მუშაობა ამ კითხვარზე, რომ შევასრულოთ ეს“, – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.

კითხვარის გადაცემის ცერემონია ლუქსემბურგში გაიმართა.

საქართველოსთან ერთად კითხვარი გადაეცა მოლდოვასაც.