LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო მზად არის, კავკასიის რეგიონში საკუთარი სამშვიდობო ფუნქცია შეასრულოს – ღარიბაშვილი ერდოღანს შეხვდა

77
1

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს უმნიშვნელოვანესი მიზანია რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერა და ქვეყანა მზად არის, შეასრულოს საკუთარი სამშვიდობო ფუნქცია კავკასიის რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობისთვის.

ირაკლი ღარიბაშვილმა ამის შესახებ გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის დროს განაცხადა.

შეხვედრა ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის ფარგლებში პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შედგა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა რეგიონში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს: 

“საუბარი შეეხო საქართველოს პრემიერ-მინისტრის შუამავლობით და აშშ-ის ჩართულობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეულ შეთანხმებას, რომლის შედეგად, სომხეთის მოქალაქეები გათავისუფლდნენ, ხოლო აზერბაიჯანს გადაეცა რუკები დანაღმული ტერიტორიების შესახებ. აღინიშნა, რომ ეს შეთანხმება კარგი საფუძველია მეზობლებს შორის შემდგომი თანამშრომლობისთვის.

ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა პრეზიდენტ ერდოღანის განსაკუთრებული ძალისხმევა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებაში. ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაფართოების პრიორიტეტულობაზე. გამოითქვა იმედი, რომ მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მომდევნო სხდომა წლის ბოლომდე გაიმართება.” – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

მხარეებმა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაზეც ისაუბრეს. აღინიშნა, რომ რეგიონული მნიშვნელობის ერთობლივი პროექტები ეფექტური სტრატეგიული პარტნიორობის, მდგრადი განვითარებისა და საქართველოსა და თურქეთის საიმედო პარტნიორობის კარგი მაგალითია.