პარლამენტის ბიუროს დღეს სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ პრემიერ-მინისტრის წერილობითი ანგარიში წარედგინება.
ირაკლი ღარიბაშვილი ამავე დოკუმენტის წარდგენით პლენარულ სხდომაზეც გამოვა.
კორონავირუსი, პანდემიის კუთხით არსებული ეკონომიკური გამოწვევები, ქვეყნის ოკუპაცია და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა, საქართველოს ევროატლანტიკური კურსი და თავდაცვის სფერო – დოკუმენტში ამ და სხვა საკითხებზეა გამახვილებული ყურადღება.
151 გვერდიან ანგარიშში აღნიშნულია, რომ პანდემიამ მნიშვნელოვნად უარყოფითი გავლენა მოახდინა მსოფლიოს განვითარების ტემპებზე:
“მიუხედავად ამისა, პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებისა და შემცირებული ეკონომიკური აქტივობების ფონზე, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს, რომ ერთი მხრივ, არ შეჩერდეს ქვეყნის საშუალო და გრძელვადიანი განვითარების რეფორმები, ხოლო მეორე მხრივ, მოკლევადიან პერიოდში დაეხმაროს მოსახლეობას, ისევე, როგორც კერძო სექტორს, ახალი გამოწვევების დაძლევაში.” – აღნიშნულია მიმართვაში.
დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია პროგრესზეც, ამ მხრივ სამთავრობო პროგრამით გათვალისწინებული 4 საკვანძო მიმართულებაა გამოყოფილი: საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, კონფლიქტის მოგვარება და ადამიანის უფლებები.
“მთავრობა აქტიურად მუშაობს ქვეყნის ისტორიული მიზნის – საქართველოს ევროკავშირში სრულფასოვანი ინტეგრაციის პროცესის დასაჩქარებლად. იდგმება გეგმაზომიერი ნაბიჯები, რათა 2024 წელს საქართველომ გააკეთოს განაცხადი ევროკავშირში წევრობაზე. საანგარიშო პერიოდში უფრო ინტენსიური გახდა თანამშრომლობა, როგორც უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, ასევე ინსტიტუციურ ჭრილში. აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ქვეყნის ნატოსთან თავსებადობის ასამაღლებლად და გაწევრიანებისთვის მოსამზადებლად. უმაღლეს დონეზეა აყვანილი ურთიერთობები ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ მოკავშირე ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რისი დასტურიცაა ქვეყნისათვის ორპარტიული მხარდაჭერის აქტები და საქართველოსთვის გამოყოფილი გაზრდილი დაფინანსება.” – ვკითხულობთ დოკუმენტში.
პრემიერის ანგარიშში ასევე აღნიშნიულია, რომ მთავრობა იყენებს ყველა დიპლომატიურ ინსტრუმენტსა და საერთაშორისო ფორმატს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით:
“აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ამ პროცესში საერთაშორისო საზოგადოებისა და პარტნიორების მხარდაჭერის მობილიზებისთვის. გრძელდება მუშაობა საქართველოს ტერიტორიების რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპაციისგან მომავალი გამოწვევების დასაძლევად. ამასთან, ფართოვდება და პრაქტიკაში უფრო აქტიურად ხორციელდება შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკა გაყოფილ საზოგადოებებს შორის დიალოგისა და ნდობის აღდგენის ხელშეწყობისთვის.” – აღნიშნულია წერილობით მიმართვაში.