LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილიც და ღარიბაშვილიც საწამლავია ქვეყნის პოლიტიკურ სხეულში: აშშ-ის ყოფილი ელჩი

215
1

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გუშინ გავრცელებულ ღია წერილს, ქართველ პოლიტიკოსებთან ერთად, ქვეყნის ფარგლებს გარეთაც აფასებენ.

საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი აცხადებს, რომ ორივე, ირაკლი ღარიბაშვილიც და მიხეილ სააკაშვილიც საწამლავია პოლიტიკურ სხეულში.

იან კელი, ამ განცხადებას, ირაკლი ღარიბაშვილის ღია წერილიდან იმ მონაკვეთის საპასუხოდ აქვეყნებს, რომელშიც პრემიერი წერს, რომ “სააკაშვილის რევოლუციური განზრახვა ყველა შემთხვევაში წარუმატებლობისთვის იყო განწირული. მისივე გეგმის მიხედვით 3 ოქტომბერს მოულოდნელადაც რომ გამოჩენილიყო რუსთაველზე, პოლიცია წყლის ჭავლის ან მაქსიმუმ, ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშლიდა მათ მაქსიმუმ 5000-კაციან შეკრებას და სააკაშვილს უმარტივესად დააკავებდა.”

იან კელი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს:

“ორივე შხამია პოლიტიკურ სხეულში, ისევე როგორც ყველა პოლიტიკოსი, მათ შორის ჩემს ქვეყანაშიც, რომლებიც კონფლიქტსა და პირად ძალაუფლებას ამჯობინებენ ეროვნულ ინტერესებს.” – წერს კელი.

შეგახსენებთ, გუშინ პრემიერ-მინისტრმა ღია წერილი გაავრცელა, რომელშიც საზოგადოებაში სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებულ გავრცელებულ სხვადასხვა ვერსიას განიხილავს და აქვე აღნიშნავს, რომ ყოფილი პრეზიდენტის ფსიქოლოგიური და ფსიქიკური მდგომარეობა ციხეში შესვლამდე და შესვლის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა.

როგორც ღარიბაშვილი წერს, სააკაშვილის რევოლუციური განზრახვა ყველა შემთხვევაში წარუმატებლობისთვის იყო განწირული.