18 თებერვალს ქართულ პოლიტიკაში კიდევ ერთხელ შეიცვალა ამინდი. ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობა დიდი ალბათობით გახარიას მინისტრთა კაბინეტში ბევრ რამეს შეცვლის.
თავად მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ გახარიას გუნდი არ შეიცვლება და ირაკლი ღარიბაშვილი მინისტრებს არ შეცვლის. – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
„დარწმუნებული ვარ, ირაკლი ღარიბაშვილს არ ექნება ცვლილებები სამთავრობო სტრუქტურებში, რადგან ამ სისტემის ეფექტურობა ეჭვქვეშ არ დგას.
ფაქტია, რომ კრიზისის მართვაში რაც შეიძლება, გახარიას პოზიტივში დარჩეს, შეიძლება ვიგულისხმოთ მთავრობის ეფექტური საქმიანობა”. – ამბობს გია ვოლსკი.
მმართველი გუნდის წევრი მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ ახალ მინისტრთა კაბინეტში, მხოლოდ ერთი ახალი სახე იქნება, რომელიც თავდაცვის მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილს შეცვლის.
„ამ ეტაპზე რა ინფორმაციაც მაქვს, იმის მიხედვით, მხოლოდ ერთი ახალი სახე იქნება. ეს არის თავდაცვის მინისტრი, თუმცა მისი ვინაობის შესახებ მეტს ვერაფერს გეტყვით. მნიშვნელოვანია, რომ სამთავრობო პროგრამა პასუხობდეს იმ პრიორიტეტებს, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ.
თუმცა, მედიაში ვრცელდება სხვადასხვა ვერსია იმასთან დაკავშირებით, ვინ შეიძლება დარჩეს და ვის გაუშვებენ გახარიას მინისტრთა კაბინეტიდან.
ვერსია ბევრია, თუმცა ყველა ვერსიაში ცვლილება, რომ ნათია თურნავა დატოვებს ეკონომიკის მინისტრის სავარძელს, უცვლელია. მის შემცვლელად ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი სახელდება.
ამბობენ, რომ არც საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დარჩება თანამდებობაზე.
„ფორმულა“ ამბობს, რომ მის შემცვლელად „ქართული ოცნების“ მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატს გიორგი ხელაშვილს ვიხილავთ.
მოქმედ მინისტრს დავით ზალკალიანს კი გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ში საქართველოს ელჩად ვიხილავთ.
ვიხილავთ თუ არა დაანონსებულ კულტურის მინისტრად თეა წულუკიანს, ესეც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მის კანდიდატურაზე გუნდმა უკვე იმსჯელა და გადაწყვიტა, რომ სწორედ ის იქნებოდა მე-11 მინისტრი. მაგრამ ღარიბაშვილმა შეიძლება, ამ შემთხვევაში გახარიას მინისტრთა კაბინეტის გეგმები შეცვალოს.
კონსტიტუციის მიხედვით, პრემიერის გადადგომის შემდეგ ავტომატურად მთავრობაც გადადგა.
ახალი მინისტრთა კაბინეტი ქვეყანას ორ კვირაში უნდა ყავდეს.
მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა პარლამენტს დღეს წარედგინება. ბიუროს სხდომა 18:00 საათზეა ჩანიშნული. დღევანდელ სხდომაზე გადაწყდება, როგორი განრიგით განიხილავენ პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს.
დღეს, მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა პარლამენტს წარედგინება