LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ დაამტკიცებენ ახალ პრემიერს?

77

კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომა, ავტომატურად, ნიშნავს, რომ მთელი მთავრობა გადადგა და ის ითვლება მოვალეობის შემსრულებელ მთავრობად, ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა, ვახო ჟვანიამ, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში განაცხადა. მან დეტალურად განმარტა ის პროცედურა, რომლის გავლაც საქართველოს პარლამენტს, პრეზიდენტსა და მთავრობას, პრემიერის გადადგომის შემთხვევაში მოუწევს. კონსტიტუციონალისტის განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტი ვალდებულია, უფლებამოსილებაშეწყვეტილ მთავრობას დააკისროს მოვალეობის შესრულება იქამდე, ვიდრე პარლამენტი ახალ მთავრობას არ აირჩევს.

”პროცედურის მიხედვით, პრემიერის გადადგომის შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტის უმრავლესობა პრეზიდენტს  პრემიერობის ახალ კანდიდატს დაუსახელებს, რის შემდეგაც, პრეზიდენტი ვალდებულია, 7  დღის ვადაში წამოაყენოს აღნიშნული კანდიდატურა” – განაცხადა ვახო ჟვანიამ.

როგორც ჟვანიამ განმარტა, პრეზიდენტს უფლება არ აქვს, უარი თქვას პარლამენტის მიერ შეთავაზებული კანდიდატის წარდგენაზე, ვინაიდან ეს კონსტიტუციის დარღვევად ჩაითვლება და, შესაძლოა, ეს მისი იმპიჩმენტის საფუძველიც კი გახდეს.

”პრემიერობის ახალი კანდიდატის წარდგენა არის პრეზიდენტის ვალდებულება და არა უფლება. ეს არის პრეზიდენტის, როგორც სახელმწიფოს მეთაურის, ფორმალური როლი. იგი ვალდებულია მაქსიმუმ 7 დღის ვადაში წარადგინოს უმრავლესობის მიერ შეთავაზებული კანდიდატი” – განაცხადა ჟვანიამ.

კონსტიტუციონალისტის თქმით, ამის შემდეგ, პრემიერობის კანდიდატი  ვალდებული იქნება, 7 დღის ვადაში მინისტრობის კანდიდატები დაასახელოს. პრეზიდენტი პარლამენტს  პრემიერობისა და მინისტრობის  კანდიდატებს, ასევე სამთავრობო პროგრამას წარუდგენს. ჟვანიას განმარტებით, საკანონმდებლო ორგანო  ვალდებული იქნება, პირველი კენჭისყრა 7 დღეში ჩაატაროს.  ნდობის გამოცხადებისათვის  უმრავლესობის, ანუ 76 დეპუტატის, ხმა იქნება საჭირო.

”თუ პარლამენტმა ახალ მთავრობას ნდობა გამოუცხადა, პრეზიდენტი  პრემიერ-მინისტრს ორი დღის ვადაში დანიშნავს, ხოლო პრემიერი, ასევე ორი დღის ვადაში დანიშნავს მინისტრებს. თუ პარლამენტმა ხმების საჭირო რაოდენობა ვერ დააგროვა,  30 დღის ვადაში განმეორებითი კენჭისყრა ჩატარდება, რის შემდეგაც კენჭი ეყრება ან განახლებულ ან იგივე შემადგენლობას. განახლებაში იგულისხმება, რომ შეიცვალოს მინისტრობის რამდენიმე კანდიდატი” – განაცხადა კონსტიტუციონალისტმა რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში.

როგორც ვახო ჟვანიამ განმარტა, თუ ახალმა მთავრობამ ნდობა ამის შემდეგაც ვერ მიიღო, აღნიშნული შემადგენლობა ჩამოშორდება პროცედურას და პრემიერობის ახალ კანდიდატურას პარლამენტის  2/5  ანუ 60 დეპუტატი დაასახელებს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები