LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაში სჭირდება ჩემი მცდელობა, რომ ამათ დახმარება შეუჩერონ, ღარიბაშვილის დანახვა საკმარისზე მეტია: მიხეილ სააკაშვილი

83
მიხეილ სააკაშვილი

„ჩემი ჩარევა არ არის საჭირო იმისთვის, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში საქართველოს მაკროსაფინანსო დახმარება შეუწყვიტონ. ამისთვის ღარიბაშვილის დანახვაც საკმარისია, რადგან თავისი აზრი ყველას უყალიბდება“, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

მისი შეფასებით, ევროკავშირის დახმარებაზე უარის თქმა ლარის კიდევ უფრო გაუფასურებასა და უმუშევრობის გაზრდას გამოიწვევს.

„რაში სჭირდება ჩემი მცდელობა იმას, რომ ამათ შეუჩერონ დახმარება, ღარიბაშვილის დანახვა საკმარისზე მეტია იმისათვის, რომ თავისი აზრი ყველას ჩამოუყალიბდეს.

მე ბევრს დავდივარ და ვხვდები ევროკომისიის წარმომადგენლებს, ევროპარლამენტარებს დიდი რაოდენობით, ბოლო ერთ-ერთი ვიზიტის დროს, ბრიუსელში კომისიის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა მითხრა ღარიბაშვილზე, რომ ეს არის კლინიკური იდიოტიო, ვციტირებ.

მე ამათგან განსხვავებით სკოლაში კარგად ვსწავლობდი და ეს იგავი მახსოვს, როცა მელაკუდა ვერ მიწვდა ყურძენს, დარჩა ამოძუებული, მაგრამ მაინც არ გაიტეხა კუდიანმა ვითომ გული და ურცხვად ეს დაიკვეხნა – რომ არ ვჭამე კარგი ვქენი გეფიცებით შვილებსაო, მჟავე იყო ის ყურძენი და მომტეხდა კბილებსაო.

ეს არის ზუსტად ივანიშვილის და მისი მთავრობის დამოკიდებულება ევროკავშირთან, ვინც აძლევდა ყურძენს, ვერ წვდებოდნენ, ვეღარ მიწვდნენ და ვეღარც მიწვდებიან, ეს ოროსნები მართლა,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ საგარეო ვალის შემცირების მიზნით, საქართველოს მთავრობა ევროკავშირის სესხის მეორე ნაწილის აღებისგან თავს შეიკავებს. მან ამ კონტექსტში ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილიც ახსენა და აღნიშნა, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ საქართველოს მისამართით ევროკავშირიდან სანქციები და შეფერხებები წამოვიდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები