LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქვეყანაში კვალიფიკაციური კადრების პრობლემაა” – რა გეგმები აქვს მთავრობას პროფესიული განათლების მიმართულებით

43
ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყანაში კვალიფიკაციური კადრების პრობლემაა – ამის შესახებ პრემიერმა ბიზნეს ასოციაციის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, მთავრობის მიერ დაწყებული სახელმწიფო დასაქმების პროგრამა, რომელიც სოციალურად დაუცველთა დასაქმებას ითვალისწინებს, ამ პრობლემის მოსაგვარებლად საკმარისი არ არის.

“ჩვენთვის ყველასთვის ცნობილია, რომ კვალიფიციური კადრებისა და ზოგადად მუშახელის პრობლემაა ქვეყანაში. სამშენებლო სექტორის წარმომადგენლები იყვნენ, რომლებიც აცხადებდნენ, რომ მუშახელს ვერ შოულობენ. გახსოვთ, რომ დავიწყე ერთ-ერთი ახალი საზოგადოებრივი სამუშაოების პროგრამა და 25 ათასი ადამიანი დავასაქმეთ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის და უფრო მეტი კომუნიკაციაა საჭირო. ეს ხალხი საჭიროა ბიზნესში მივმართოთ. გამოკვეთილი პრობლემაა და ამ მხრივ მთავრობა გეგმავს, რომ კიდევ უფრო მეტი ინვესტიციები ჩაიდოს პროფესიულ განათლებაში. ბევრ ქვეყანაშია ანალოგიური პრობლემები და ამას ერთობლივი მუშაობა სჭირდება”, – აცხადებს ღარიბაშვილი.

ირაკლი ღარიბაშვილი, ასევე, ბიზნესის თავისუფლების საკითხსაც შეეხო.

„ჩვენ საკმაოდ მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს და გვქონდა ყოველთვის ბიზნესთან. ჩემი მთავარი გზავნილი იყო შემდეგი: საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად გვერდით უდგას ბიზნესს, ჩვენ მაქსიმალურად ვეხმარებით ბიზნესს და ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი. მას შემდეგ, რაც პანდემიის შემდგომ გავხსენით ქვეყანა, ბიზნესმა დაიჯერა ჩვენი პოლიტიკის, გამოგვყვა და შარშან მივიღეთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმა ეკონომიკის მაჩვენებლებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ დღესდღეობით იმის ფონზე, რაც ხდება ევროპაში, საქართველოში არის ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და ამას სჭირდება შენარჩუნება. „ამას სჭირდება მეტად პროგნოზირებადი გარემო, ლარის კურსი უნდა იყოს სტაბილური. ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგად ასეც არის. სიტუაცია დამშვიდებულია, ტურიზმი აღდგენილია და ძალიან კარგი, პოზიტიური მოლოდინები გვაქვს“, – აღნიშნა მან.

ღარიბაშვილის თქმით, 30%-ით არის გაზრდილი მთელი ბიზნესის ბრუნვა.

„2020 წელს მთელი ქვეყნის ეკონომიკა იყო თითქმის 50 მლრდ ლარი, 2023 წლის იანვრისთვის, მშპ იქნება დაახლოებით 80 მლრდ. სულ რაღაც ორ წელიწადში, 30 მილიარდით გაიზარდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა.

ჩვენ ვისაუბრეთ ბიზნესთან ახალ ინიციატივებზე, პროგრამებზე, პროექტებზე. მთავრობამ წარვუდგინეთ ჩვენი ხედვა, თუ როგორ გვესახება კიდევ უფრო მეტად გააქტიურება. ჩვენ შევთანხმდით მთელ რიგ ახალ ინიციატივებზე, რომელსაც განვახორციელებთ. მთავრობა უსმენს ბიზნესს და ერთ-ერთი მაგალითი, რაც მინდა შეგახსენოთ, არის შემდეგი: მე შარშან დეკემბერში შევხვდი ფარმაცევტულ ბიზნესს. მაშინ თვეების წინ დაწყებული მქონდა მუშაობა მედიკამენტების, წამლების ფასებზე, რომელიც ჩვენ ყველას გვაწუხებდა და მოსახლეობას, ჩვენს ხალხს აწუხებდა. როგორც კი მოვისმინე ეს წუხილი და პრობლემები, მე ვუთხარი ბიზნესს, რომ ეს იყო მოსაგვარებელი. მაშინ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და გავხსენით თურქეთის ბაზარი. ბევრი სკეპტიკურად იყო განწყობილი, მაგრამ შედეგი არის შემდეგი: სულ რაღაც რამდენიმე თვეში, 70-80 მილიონი ლარი დაზოგა ჩვენმა მოსახლეობამ და წლის ბოლომდე 200 მილიონ ლარს დაზოგავს ამ ერთი გადაწყვეტილებით“, – განაცხადა პრემიერმა.