“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველი გუნდი მზადაა, ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტზე ხელი “მცირედი შესწორებებით” მოაწეროს.
როგორც უმრავლესობის წევრმა განაცხადა, ოპოზიცია მხარეებს შორის შეხვედრისას, ულტიმატუმს აყენებდა და შესაბამისად, კომპრომისული ნაბიჯის გადასადგმელად მზად არ იყო.
“პრინციპში, საბოლოო ჯამში, “ქართული ოცნება” მზად იყო და არის იმ პუნქტებზე ხელის მოსაწერად, რაც იყო, მცირედი შესწორებებით და აქ საუბარია მხოლოდ ისეთ დეტალებზე, რაც მაგალითად, ევროკავშირის არც ერთ ქვეყანაში არ არის: 2/3-ზე და ა.შ იქ იყო 20-ზე მეტი პუნქტი, ქვეპუნქტებად ჩაშლილი, ამათგან 3-ზე თუ 4-ზე მაქსიმუმ იყო სადისკუსიო, სამსჯელო, თუმცა აქამდე საქმე ნამდვილად არ მისულა.
არათუ სამსჯელო თემებზე, არამედ ყველაზე მთავარ თემებზე, რომლებსაც ისინი აყენებდნენ ულტიმატუმების სახით, 1 ნაბიჯიც კი არ გადმოიდგა, არათუ კომპრომისული, საერთოდ განხილვაც არ შედგა. მაგალითად – ვადამდელი არჩევნების გარეშე, მაგალითად, რურუას გათავისუფლების გარეშე და ა.შ.”, — განაცხადა მამუკა მდინარაძემ.