პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროკომისიის რეკომენდაცია უკრაინისთვის სტატუსის მინიჭებაზე ქვეყნის წახალისება და ბონუსია, რადგან ომში იმყოფება.
რაც შეეხება მოლდოვას, ღარიბაშვილის თქმით, მოლდოვა უკრაინის ახლო მეზობელია და განხილვა დამსახურების მიხედვით თუ მოხდებოდა, პირველ რიგში ევროკავშირის კანდიდატი წევრი ქვეყნის სტატუსი საქართველომ უნდა მიიღოს.
აღნიშნულის შესახებ განცხადებები პრემიერმა კატარის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას გააკეთა.
„უსამართლოა, მაგრამ გვესმის და ევროპელი ლიდერებისგან გავიგეთ, რომ მათ გადაწყვიტეს მიენიჭებინათ სტატუსი უკრაინისთვის იმიტომ, რომ უკრაინა არის ომში. მოლდოვა ძალიან მჭიდრო მეზობელი ქვეყანაა და ისიც ძალიან ცუდ სიტუაციაშია ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხები ზედაპირზე აქვს. თუ შევადარებთ საქართველოს მუშაობას, რეფორმებს, დამსახურების მიხედვით თუ შევხედავთ, საქართველო იქნებოდა პირველი ქვეყანა ვისაც მიენიჭებოდა ეს სტატუსი.
იმიტომ, რომ ძალიან კონკრეტული შედეგები გვაქვს, მაგრამ სამივე ერი არის ევროპული პერსპექტივის მქონე, ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება ევროკავშირის იმიტომ, რომ ეს ნიშნავს რომ ქვეყანა გახდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო და ბუნებრივია მას მოჰყვება სტატუსი გარკვეული პირობებით, მაგრამ პირობები სამივე სახელმწიფოს განესაზღვრა.
როგორც ვთქვი, გავიგეთ ოფიციალური პოზიცია ევროპელი ლიდერების. პრეზიდენტმა მაკრონმა რამდენიმე დღის წინ თქვა, ევროკავშირმა გადაწყვიტა მიენიჭებინა უკრაინისთვის ეს სტატუსი იმიტომ, რომ ომშიაო. ეს არის წახალისება, ბონუსი უკრაინისთვის.“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.