ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი ზაზა გახელაძის ოჯახი აქციებს აანონსებს – 33 წლის მამაკაცის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ცხინვალის ციხეში მყოფი საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებლად ათ დღიან ვადას აძლევენ.
გახელაძის მშობლებისა და მეუღლის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილისგან პირადად მიიღეს დაპირება, რომ საოკუპაციო რეჟიმის ტყვეს თვის ბოლომდე გამოიხსნიდნენ.
დაკავებულის ოჯახი მიიჩნევს, რომ ახალგაზრდის გასათავისუფლებლად არაფერი გაკეთებულა. ზაზა გახელაძის ოჯახის წევრების თქმით, თუ ის 23 ივნისამდე არ გათავისუფლდება, უწყვეტ საპროტესტო აქციებს მოაწყობენ.
გახელაძის ცოლის, ირმა ბუთხუზის განცხადებით, პრემიერ-მინისტრთან მათი შეხვედრის შემდეგ ერთ თვეზე მეტი გავიდა, თუმცა, კონკრეტული შედეგი არ დამდგარა.
„პრემიერ-მინისტრი დაგვპირდა, რომ მაისის ბოლოსთვის შედეგს დადებდა და ეს შედეგი იქნებოდა ზაზას გათავისუფლება, მაგრამ არაფერი მომხდარა. მოვითხოვთ, საქმეში ჩაერთონ ის საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც სომეხი ჯარისკაცების გათავისუფლებაში მუშაობდნენ. იქნებ, ეს ფორმატი ზაზასთანაც ამოქმედდეს, რომ დროულად გათავისუფლდეს”, – განაცხადა გახელაძის ცოლმა, ირმა ბუთხუზმა.