LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლონეთი უკრაინულ მარცვლეულზე კვლავ უარს ამბობს

125
ემბარგო

15 სექტემებრს ევროკავშირის მიერ უკრაინიდან ხუთ მეზობელ ქვეყანაში (ბულგარეთი, უნგრეთი, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი) მარცვლეულის იმპორტის აკრძალვის ვადა იწურება. ემბარგოს გახანგრძლივებას განსაკუთრებულად პოლონეთი ემხრობა. მთავრობის წარმომადგენლები მკვეთრ განცხადებებსაც კი არ ერიდებიან.

„თუ ევროკომისია უკრაინული მარცვლეულის იმპორტის აკრძალვას არ გააგრძელებს, პოლონეთი შესაბამის გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად მიიღებს,“ – აცხადებს პოლონეთის ეკონომიკური განვითარებისა და ტექნოლოგიების მინისტრი ვალდემარ ბუდა – პოლონელი ფერმერები ჩვენთვის პრიორიტეტია. მათ საკუთარი მარცვლეული გონივრულ ფასად უნდა გაყიდონ“.

პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის, რობერტ ტელუსის განცხადებით კი, ოფიციალური ვარშავა დარწმუნებულია, რომ ევროკავშირი მას ამჟამინდელი შეზღუდვების გახანგრძლივების უფლებას დართავს: “წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი ნაბიჯი ხისტი იქნება. ჩვენი მიზანი ადგილობრივი ფერმერების დაცვაა, ჭარბი მარაგები ადგილობრივ მარცვლეულზე ფასების ვარდნას იწვევს.“

პოლონური მედიის ცნობით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა არ ემხრობა 15 სექტემბრის შემდეგ უკრაინული მარცვლეულის იმპორტის აკრძალვის გახანგრძლივებას. იმ შემთხვევაში, თუ პოლონეთი გააგრძელებს მარცვლეულზე ემბარგოს დაწესებას, ევროკომისია ამ ქმედებას ევროპული კანონმდებლობის დარღვევად ჩათვლის, რისთვისაც პოლონეთს, შესაძლოა, ჯარიმები დაეკისროს.

ამჟამინდელი შეზღუდვების თანახმად, მართალია, უკრაინული მარცვლეული პოლონეთის ტერიტორიაზე შედის, მაგრამ ადგილობრივ ბაზარზე არ იყიდება; პოლონეთი უკრაინასა და ევროკავშირის დანარჩენ ნაწილებს შორის მხოლოდ სატრანზიტო გზას წარმოადგენს.

უკრაინის ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ტარას კაჩკას თქმით, თუ პოლონეთი უკრაინულ მარცვლეულზე იმპორტის შეზღუდვას გაახანგრძლივებს, ოფიციალური კიევი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას საჩივრით მიმართავს.

შეგახსენებთ, რომ უკრაინიდან ხუთ მეზობელ ქვეყანაში მარცვლეულის იმპორტის აკრძალვა 2 მაისიდან ამოქმედდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები