LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ორი გემი ჩამოგვივიდა საჩუქრებით.. ზოგმა ვერ ან არ გაიგო, რომ ეს თანხა ჩემი ჯიბიდან არ ამომიღია“ – ლადო აფხაზავა ჰყვება დეტალებს თუ როგორ შეაგროვა უკრაინის დასახმარებლად 700 000 დოლარი

814
BeFunky-collage (16)

ჟურნალ „თბილისელებთან“ ჰყვება როგორ შეაგროვა ქართველი თუ უცხოელი მასწავლებლების დახმარებით, უკრაინის დასახმარებლად 700 000 დოლარი და რა საჩუქრები გამოუგზავნეს მას ორი გემით.

ლადო აფხაზავა: “სამარცხვინოა, როცა სხვისთვის გაწვდილი ხელი განსჯის საგანი ხდება, ვისურვებდი, ამ კომენტარების ავტორები მაშინ მდგარიყვნენ ჩემ გვერდით, როცა მარტო ვეზიდებოდი ტვირთს ფოთის პორტში”

„ინფორმაციის გაჟღერებიდან ძალიან მალე ადვოკატი ზვიად კორძაძე დაგვიკავშირდა, 2 500 ლარი ჩაგვირიცხა და გვითხრა, ეს ჯილდო და ბეჭედი თქვენთან დარჩება, როგორც ჩემი საჩუქარიო. ამ თანხის გარდა, ჩემმა მეგობრებმა თუ ეროვნულ ჯილდოზე წარდგენილმა სხვა მასწავლებლებმა კიდევ 3 000 ლარი ჩამირიცხეს და 5 500 ლარი შეგროვდა. ამასობაში აღნიშნულის შესახებ ჩემი ფეისბუკპოსტი უცხოელმა მასწავლებლებმა ნახეს. ეს ის პედაგოგები არიან, რომლებიც ჩემთან ერთად იყვნენ მასწავლებლის გლობალურ ჯილდოზე წარდგენილი. მათთვის გლობალის ჯილდო, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული იყო, მაგრამ დედის ბეჭედზეც რომ წაიკითხეს, ეს კიდევ უფრო ემოციური აღმოჩნდა. მაშინვე შემეხმიანა 15 მასწავლებელი და თანხის ჩასარიცხად ანგარიში მთხოვა.

სპეციალური ანგარიშის შექმნაში კი ბანკი დამეხმარა, რათა თანხის ჩარიცხვა ნებისმიერი ქვეყნიდან ყოფილიყო შესაძლებელი და პირველად რომ შევამოწმეთ ანგარიში, მასზე ნახევარი მილიონი დოლარი იყო. ენა ჩაგვივარდა. ნახევარი მილიონი კი არა, 50 ათასზეც ვერ ვიფიქრებდი. სულ მალე უკვე 700 000 ათასი დოლარი გახდა და მართლა გაოგნებული ვიყავით. ვერ ვიჯერებდით, რომ ეს შესაძლებელი იყო.

საბედნიეროდ, ეს თანხა ძალიან კარგ ხელში მოხვდა და როგორც ვიცი, სხვადასხვა საჭიროებისამებრ იხარჯება. გარკვეული ოდენობა კიდევ არის დარჩენილი. ამხელა თანხა რომ შეგროვდა, მე აღარ დამიწერია სოციალურ ქსელში, მაგრამ განათლების ექსპერტმა, სიმონ ჯანაშიამ გაიგო ამის შესახებ და მან დაწერა სტატუსი, რასაც ამ თემის ხელმეორედ გააქტიურება მოჰყვა…

უკრაინელების დასახმარებლად ლადო აფხაზავამ 700 ათასი დოლარი შეაგროვა- ვინ იყიდა მასწავლებლის ჯილდოს მონეტა და დედის დანატოვარი ბეჭედი

მოგვიანებით კი აღნიშნა, რომ ბეჭედი და ვარკის ფონდის ელჩის დამადასტურებელი მონეტა ქართველმა ადვოკატმა ზვიად კორძაძემ შეიძინა და შემდეგ ორივე უკან დაუბრუნა.

„ლადოს ბანაკის“ დაფუძნებიდან მეშვიდე წელს ბავშვები მიმყავდა ბანაკში და მახსოვს, ძალიან ახლობელმა მითხრა, ხანდახან შენ ფულსაც რომ იღებ და ბავშვებს ახმარ, არ გინდა, ნუ ხარ ასეთი ხელგაშლილი, არ არის საჭირო ოთხჯერადი კვება, სამჯერადი და ნორმალურიც საკმარისია და შენი ფულის დახარჯვის ნაცვლად, ამდენი შრომის სანაცვლოდ, ასი ლარი მაინც რომ დაგრჩეს, კარგი იქნებაო. ასეთ დროს რაღაც მართლა გძლევს და ფიქრობ, იქნებ მართლა დამრჩეს ეს ასი ლარი?! მაგრამ ძალიან გულწრფელად გეტყვით, ასი ლარის მორჩენა კი არა, ყველაზე მეტი სწორედ მაშინ დავხარჯე.

ზუსტად იმ ზაფხულს 400 ლარი ჩემი დავამატე და მთელი ჩემი შვებულების თანხა იქ დავხარჯე. მაშინ ვთქვი, რომ არასდროს უნდა ვიყო გამორჩენაზე. როცა სიკეთეს აკეთებ, მის უკან დაბრუნებაზე არ უნდა იფიქრო. მშობლები მადლობას რომ მიხდიან, მაშინაც კი მრცხვენია ხოლმე. უკრაინაში რომ ეს თანხა გადავრიცხეთ, ისევ ჩვენს სეკულენტებზე დავიწყეთ ზრუნვა, ათასობით მცენარე გავყიდეთ ევროპაში და თანხის გამოგზავნა აღარ მოვითხოვეთ.

იცით რა მოხდა ამის შემდეგ? ორი გემი ჩამოგვივიდა, ერთი საჩუქრებით, რბილი სათამაშოებით და საკანცელარიო ნივთებით იყო სავსე, რომელიც ხუთას მოსწავლეს დავურიგეთ და მეორე გემზე ერთი ტონა ტანსაცმელი იყო. სახლში, აივანზე, ეზოში, ყველგან ეს ტანსაცმელი მქონდა გაფენილი და რიგრიგობით მოგვყავდა მშობლები სხვადასხვა სკოლიდან, რომ წაეღოთ შვილებისთვის და საბედნიეროდ, ძალიან ბევრ ბავშვს დავეხმარეთ. მე, როგორც ერთ რიგით მასწავლებელს, რაც შემეძლო, ის გავაკეთე. თუმცა მერე მეტი მომთხოვეს – უკრაინაში რომ ამხელა თანხა გადარიცხე, ქართველი ბავშვები ცოდოები არ არიან, მათ რატომ არ დაეხმარეო? ცოტა არ იყოს უხერხულია, უცხოელ მასწავლებლებს უთხრა, ნახევარი თანხა უკრაინის ფონდში გადარიცხეთ და ნახევარი მე გადმომირიცხეთ, რომ ქართველ ბავშვებსაც დავეხმაროო. ზოგმა ვერ ან არ გაიგო, რომ ეს თანხა მე ჩემი ჯიბიდან არ ამომიღია, უბრალოდ, ორგანიზება მოხდა ჩემ მიერ“, – ამბობს ლადო აფხაზავა ჟურნალ “თბილისელებთან”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები