საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნოდარ ნათაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი ენათმეცნიერის, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის ნოდარ ნათაძის გარდაცვალების გამო. მან თავისი განსაკუთრებული კვალი დატოვა დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის გზაზე და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე საკუთარი ხელმოწერით მნიშვნელოვანი პირადი წვლილი შეიტანა ამ დიდ საქმეში.
ნოდარ ნათაძე იყო ადამიანი, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე დარჩა საკუთარი პრინციპების ერთგული, რითაც მრავალი თაობისთვის მაგალითის მიმცემი იქნება. ვუთანაგრძნობ მის ოჯახსა და ახლობლებს“, – ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის სამძიმრის წერილში.
ცნობისთვის, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი პოლიტიკოსი, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და „სახალხო ფრონტის“ თავმჯდომარე, ენათმეცნიერი ნოდარ ნათაძე.