LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა მელიას საქმეზე მოწმის სახით ჟურნალისტი ნათია ბერიძე იკითხება

78
nika 33

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.

მოწმის სახით ჟურნალისტი ნათია ბერიძე იკითხება.

ნათია ბერიძე, ამჟამად ტელეკომპანია „პოსტივიში“ მუშაობს, 2019 წლის 20 ივნისს კი ონლაინსააგენტო „ეს პერსონაში“ მუშაობდა.

მოწმე 20 ივნისს იმ ადგილზე მუშაობდა, სადაც საპროტესტო აქცია იმართებოდა.

ნათია ბერიძეს თქმით, გაიგო, როგორ მოუწოდებდა ოპოზიციის ლიდერი, ნიკა მელია აქციაზე შეკრებილებს დესტრუქციული ქმედებებისკენ და პარლამენტში შეჭრისკენ.

მას შემდეგ, რაც ბრალდების მხარემ კითხვების დასმა დაასრულა, დაცვის მხარემ მოწმეს ჰკითხა, ჰქონდა თუ არა მას კავშირი ე.წ ფეიქსააგენტოებთან და „ტროლებთან“.

ადვოკატების ინფორმაციით, ჟურნალისტი ნათია ბერიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ერთ-ერთი გვერდის ადმინისტრატორი იყო, აღნიშნული გვერდი კი, ყალბი ინფორმაციის გავრცელებას ემსახურებოდა.

ამ კითხვამ მოწმის პროტესტი გამოიწვია.

„ვიყავი 20 ივნისის აქციაზე, გადაღებაზე, როგორც ჟურნალისტი და ვიღებდი ყველაფერს, რაც ხდებოდა. ყელზე მეკეთა ე.წ. ბეიჯი და იდენტიფიცირებადი ვიყავი, ვწერდი ინტერვიუებს პოლიტიკოსებთან და აქციის მონაწილეებთან. ვიყავი პირდაპირ ეთერში ტელეფონის საშუალებით, წარმოვადგენდი ონლაინმედიას. „ეს პერსონას“ ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე იტვირთებოდა ყველაფერი, რასაც ვიღებდი.

აქციის შინაარსი ვიცი, ადამიანები აპროტესტებდნენ გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომას. მიუხედავად იმისა, რომ როგორც ჟურნალისტი ვიყავი იქ, ვიზიარებდი აქციის მონაწილეების სულისკვეთებას. ვფიქრობ, ლეგიტიმური იყო მათი პროტესტი.

აქცია დიდხანს გაგრძელდა. შემდეგ მოხდა რაღაც მცირე ინციდენტი, დაპირისპირება, რა დროსაც დავკარგე ბეიჯი. ავედი კიბეზე, მინდოდა ხალხის მასა გადამეღო და დამეფიქსირებინა. გავიგე, რომ ვიღაცას მიკროფონთან სიტყვით გამოსვლა უნდოდა. იქ უთხრეს, რომ მიკროფონი გათიშული იყო, რათა არ გაპარულიყო ლიდერების საუბარი და მათი ხმა.

ლიდერების ჩასაწერად რომ ავდიოდი, ნიკა მელიაც დავინახე. მახსოვს, თეთრი პერანგი ეცვა. ის იყო ინიციატორი, ამბობდა, დაუმორჩილებლობა მოვაწყოთ, შევიდეთ პარლამენტშიო. საუბრობდა რაღაც კანონზე, ამბობდა ერთი და ორი ადამიანის შესვლას აზრი არ ჰქონდაო.

ნიკა მელია იყო აქტიური ლიდერის ამპლუაში. მისი ინიციატივით ხდებოდა საუბარი. ზოგი ეთანხმებოდა, ზოგი ეკითხებოდა, აი, ასეთი პროცესი მიმდინარეობდა. კადრებშიც ჩანს, რომ იქ ვდგავარ. დიდი ხნის შემდეგ, ხატია დეკანოიძემ შემამჩნია, იკითხა, ვინ არისო. შემდეგ გრიგოლ ვაშაძემ მითხრა, პრივატული საუბრები გვაქვს და დაგვტოვეთო.

მე ვუთხარი, რადგან იქ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი იყო, მეც მქონდა უფლება, იქ ვყოფილიყავი. ვუთხარი, რომ ძალით თუ დამატოვებინებთ აქაურობას-მეთქი. ეცადნენ, ტელეფონიც ჩამოერთმიათ ჩემთვის. ჩემმა იქ ყოფნამ პროტესტი გამოიწვია. ნიკა მელიამ რომ თქვა, ნაწილი აქ დავრჩებით და ნაწილი შიგნით შევაო. მერე კადრებშიც არის, რომ მივყვები და ვეკითხები, ვინ ნაწილი შევა და ვინ დარჩება-მეთქი, მივყვებოდი ბოლომდე“, – განაცხადა ნათია ბერიძემ.

ნიკა მელია საქმის განხილვას არ ესწრება, რადგან ის მოსამართლის მიერ სხდომიდან გაძევებულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები