LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა მელია: საქართველოში უნდა ჩაინიშნოს ვადამდელი არჩევნები

66
nika-melia-esaaaa

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ პარტიის ოფისში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე გააცხადა, რომ  პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალია ვადამდელი არჩევნები.

მისივე თქმით, ქვეყანას დასაკარგი დრო არ აქვს. მანვე აღნიშნა, რომ ნაციონალური მოძრაობის ყველა ნაბიჯი და ქმედება იქნება მიმართული ამ მიზნის მისაღწევად სტრატეგიული გეგმა წარადგინა.

„ეს უნიკალური შესაძლებლობის ფანჯარა შესაძლებელია ძალიან მალე დაიხუროს, სწორედ ამიტომ შექმნილი უმძიმესი კრიზისის განსამუხტად  საქართველოში უნდა ჩაინიშნოს ვადამდელი არჩევნები.

ჩვენი, „ნაციონალური მოძრაიბის“ ყველა ნაბიჯი და ქმედება იქნება მიმართული ამ მიზნის მისაღწევად, ამ ისტორიული ამოცანის შესასრულებლად. რა არის ჩვენი სტრატეგიული გეგმა?

მრავალფეროვანი პოლიტიკური აქტივიობები და სხვადასხვა საპროტესტო ღონისძიებები, ასევე, უწყვეტი ურთიერთობა მოქალაქეებთან.

მოქალაქეებს წარვუდგენთ ხედვებს, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას უახლოეს თვეებში ევროკავშირის კანდიდატობის მისაღებად, როგორ ქვეყანას ავაშენებთ ცვლილებების შემდეგ – მდიდარი სახელმწიფო, წარმატებული ადამიანებით, სადაც გამორიცხული იქნება ძალაუფლების კონსოლიდაცია ადამიანების ერთი ჯგუფის ხელში.

თავდადებით და შემართებით უნდა გავაჩინოთ გამარჯვების რწმენა, გავაძლიეროთ ნდობა და გავააქტიუროთ მეტი და მეტი საქართველოს მოქალაქე.

მესამე, უცხოელ პარტნირეობთან ინტენსიური კომუნიკაცია – აშკარაა, რომ ჩვენი მეგობრები საბოლოოდ ჩამოყალიბდნენ, რომ რუსული ოცნების პირობებში საქართველომ გადაუხვია დასავლურ გზას და რუსული ორიენტირი აირჩია.

ვაღიაროთ ასეთი განწყობა არ იყო არც 2020 და არც 2021 წლებში.

ამ მოძრაობის შედეგად ფართო საზოგადოებრივი ჩართულობითა და საერთაშორისო ზეწოლის გენერირებით, პოლიტიკური აქტივობების და პროტესტის მზარდი მასშტაბებით, ინტენსივობითა და მუხტით უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება დანიშნოს ვადამდელი არჩევნები.

განსხვავებით წინა წლებისაგან, დღეს არსებობს ყველა წინაპირობა რომ ბრძოლა გამარჯვებით დასრულდეს.

დღეს არის უპრეცედენტო საზოგადოებრივი ერთიანობა ევროპული იდეის ირგვლივ. 70%-ზე მეტი მოქალაქეებისა ფიქრობს ხელისუფლების ცვლილება აუცილებელია საქართველოს ევროპული მომავლისათვის. ასი ათასობით ადამიანმა რუსთაველის გამზირზე საჯაროდ გამოხატა თავისი ნება, რომ არ დათმობს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს. ქართულ ოცნებას ზურგი შეაქცია საკუთარმა ამომრჩეველმაც.

ქართული ოცნების მხარდაჭერა ბოლო პერიოდში შემცირდა 1/3 -ით. მან საკუთარ ამომრჩეველშიც დაკარგა ლეგიტიმაცია, რადიკალურადაა შეცვლილი სურათი და ესეც კმარა ვადამდელი არჩევნების დასანიშნად!

მათაც, ვინც 2021 წელს ივანიშვილის ხელისუფლებას მისცა ხმა, ევროპული მომავალი უნდათ, არადა დღეს ქვეყანაში მოსახლეობის მხოლოდ 13% ფიქრობს, რომ ოლიგარქი დასავლურ პოლიტიკას ატარებს. ოცნება ხელისუფლებაში მოვიდა პროდასავლური გზავნილებით, რაც დღეს კარდინალურადაა შეცვლილი, დეკლარირებულადაც კი, ხელისუფლების ნება მიუღებელია მისივე ამომრჩევლის უმრავლესობისთვის, რაც საკმარისი საფუძველია ახალი არჩევნების დასანიშნად!

რას ეფუძნება რუსული ოცნების სტრატეგია? თავი მოგვაჩვენოს რომ ძლიერია და ამით თესოს უიმედობა, რომ არაფერი არ გამოვა, რომ არაფერზე უკან არ დაიხევენ, დაუნდობლად გაუსწორდებიან ყველას, ვინც მათ რეჟიმს საფრთხეს შეუქმნის.

ეს სტრატეგია მათი ბოლო ხავსია, მათი ერთადერთი და უკანასკნელი სტრატეგიაა, სხვა მათ არაფერი დარჩენიათ.

ჩვენ მხარესაა მორალური უპირატესობა და აქამდე უპრეცედენტო საზოგადოებრივი ერთიანობა!

მთავარია არ დავიღალოთ, ჩვენი თანმიმდევრულობით და ორგანიზებულობით, იდეის ერთგულებით, ჩვენი ერთობით, პრინციპულობითა და თავდადებით ჩამოვშალოთ რუსული ოცნება.

ჩვენი ბრძოლა არის მართალი და როდესაც ვამბობ ჩვენი, ვგულისხმობ არა საკუთარ თავს, საკუთარ პარტიას ან ოპოზიციას, არამედ ვგულისხმობ თითოეულ ადამიანს, ვისაც უნდა ევროპაში, ხედავს მდიდარ საქართველოს ევროკავშირში და ევროატლანტიკურ სივრცეში.

ჩვენ უნდა გავხდეთ ამბიციური სახელმწიფო, სადაც ადამიანები ბრუნდებიან და საიდანაც არ მირბიან. სწორედ ამისთვის არის საჭირო ვადამდელი არჩევნები! ქვეყანაში უმძიმესი პოლიტიკური კრიზისია და ჩვენ ეს კრიზისი უნდა ვაქციოთ ახალ შესაძლებლობლად და ვადამდელი არჩევნებით შევქმნათ ახალი რეალობა!

ვადამდელი არჩევნებით ყველა თავისი გემოვნებით აირჩევს მისთვის სასურველ პარტიას, მაგრამ ჩვენ ყველას ერთად და ცალ-ცალკე მოგვეცემა საშუალება ავირჩიოთ ევროპა!”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები