„სააკაშვილი ოლიგარქს დიდხანს დატყვევებული ნამდვილად ვერ ეყოლება. ამაში ეჭვი თავად ბიძინა ივანიშვილს არ ეპარება – მიხეილ სააკაშვილის ტყვეობაში ყოფნა დასრულდება“, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა და დასძინა, რომ ყოფილი პრეზიდენტი საპატიმროში დიდხანს არ იქნება.
როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, საქართველოს განვითარების გზა უახლოეს პერიოდში გაუჩნდება. მისი თქმით, არავის უნდა ეპარებოდეს ეჭვი იმაში, რომ „მიხეილ სააკაშვილი, ამ ყველაფრის შემოქმედი ადამიანი, რომელმაც ქვეყანა სახელმწიფოდ აქცია თავის მეგობრებთან, თანამებრძოლებთან, კოლეგებთან, საზოგადოებასთან ერთად, ოლიგარქს დიდხანს დატყვევებული ნამდვილად ვერ ეყოლება.“
„ამაში ეჭვი თავად ბიძინა ივანიშვილს არ ეპარება და ზუსტად იცის, რისი იმედი ჰქონდა და ვერაფრით მიიღო: მას ეფემერული წარმოდგენა ჰქონდა, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში გატყდებოდა და ბრძოლაზე ხელს აიღებდა – რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილის ტყვეობაში ყოფნა დასრულდება და ამ ქვეყანას განვითარების გზა უახლოეს მომავალში გაუჩნდება“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
ამასთან, მელიას თქმით, ოპოზიცია საზოგადოებას სამოქმედო გეგმას კვირის ბოლოს გააცნობს. მისი თქმით, გეგმა დეტალურად იქნება გაწერილი.
„კვირის ბოლოს მეგობრებთან ერთად ჩვენ კონკრეტულ გეგმას დავდებთ. საზოგადოებას გავაცნობთ, თუ რა არის გაწერილი. მისხალ-მისხალ გეგმით, რამდენადაც შესაძლებელია სამოქმედო სტრატეგია, რომელიც გამარჯვებამდე მიგვიყვანს, – თქვა ნიკა მელიამ.
ცნობისთვის, თავისუფლების მოედნიდან, რესპუბლიკის მოედნამდე ვარდების რევოლუციის აღსანიშნავად ცოცხალი ჯაჭვი მოეწყო.