“ნებსით თუ უნებლიედ ისინი აკეთებენ იმ საქმეს, რომელიც აწყობს მაგალითად, ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს, როცა საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობაზეა საუბარი და კონკრეტულ შემთხვევაში 800 მილიონზე მეტ ინვესტიციაზეა საუბარი, როცა ეწინააღმდეგები, მინიმუმ ისეთი მყარი არგუმენტები უნდა გქონდეს, რომელიც გადაწონის ენერგოდამოუკიდებლობის და 800 – მილიონიანი ინვესტიციის ამ ქვეყანაში ჩადების ინტერესს” – ფრაქცია”ქართული ოცნების” თავმჯდომარე “ნამახვანჰესის” მშენებლობის წინააღმდეგ მიმართულ პროტესტს ეხმიანება და ამბობს, რომ გუშინ იყო ის ელფერი, რომელიც ამ პროცესის პოლიტიკური პროცესად გარდაქმნას მოასწავებდა.
მამუკა მდინარაძის თქმით, გუშინ გამართულ აქციაზე პოლიტიკური მოთხოვნებიც გახმოვანდა, რაც სამწუხაროა. მისივე განცხადებით, ისურვებდა, რომ კახა კუჭავას ძალიან კარგ ინიციატივაზე თანხმობა ყოფილიყო:
“შენიშნავდით, რომ გუშინ მართლაც იყო ის ელფერი, რომელიც ამ პროცესის პოლიტიკური პროცესად გარდაქმნას მოასწავებდა. ამაზე წინასწარ პროგნოზებს არ გავაკეთებ, თუმცა ერთი რამ ნამდვილად ვიცი – საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა არის ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. როდესაც ენერგოდამოუკიდებლობის და ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს, მაინცდამაინც მკაფიო არგუმენტებიც არ ჩანს. ვინც აორგანიზებს, პირდაპირ ეთერში დებატებზე, გადაცემებში მონაწილეობაზეც კი უარს ამბობენ, ჩნდება გარკვეული ეჭვები. ამის იქით მე არ წავალ. ნებსით თუ უნებლიედ ისინი აკეთებენ იმ საქმეს, რომელიც აწყობს მაგალითად, ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს.
როცა საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობაზეა საუბარი და კონკრეტულ შემთხვევაში 800 მილიონზე მეტ ინვესტიციაზეა საუბარი და ეს პატარა ქვეყნისთვის რას ნიშნავს, რაზეა საუბარი, რა ხარისხის ინვესტიციაზეა, ენერგოდამოუკიდებლობისთვის რა კომპონენტზე და რა მნიშვნელოვან დეტალზეა საუბარი, ამ დროს როცა ეწინააღმდეგები, მინიმუმ ისეთი მყარი არგუმენტები უნდა გქონდეს, რომელიც გადაწონის ენერგოდამოუკიდებლობის და 800 – მილიონიანი ინვესტიციის ამ ქვეყანაში ჩადების ინტერესს. სწორედ ეს არის ის პოლიტიკური ელფერი, რომელიც მათი მოთხოვნებიდან გამომდინარე გაჩნდა გუშინ. არ მინდა წინასწარ პროგნოზი გავაკეთო, მართლა არ ვიცი. ყოველშემთხვევაში გუშინ პოლიტიკური მოთხოვნებიც გახმოვანდა ამ აქციაზე, რაც სამწუხაროა.
მე ვისურვებდი, რომ ყოფილიყო მაგალითად თანხმობა კახა კუჭავას ძალიან კარგ ინიციატივაზე, როცა მან კომუნიკაცია თავად სცადა. როცა პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრას გთავაზობს და შენ ეუბნები, იცი რა უკანა ეზოში გამოდი და იქ პირდაპირ ეთერში ჩავერთოთ, ანუ არ გინდა, რომ ესეთი შეხვედრა შედგეს. არგუმენტების ჭიდილი შესაძლებელია იყოს ერთადერთი რეცეპტი, რითაც საზოგადოება გადაწყვეტს, ვინაა მართალი და რამდენად მნიშვნელოვანია სასწორის ერთ პინაზე საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა, 800 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია იდოს და მეორე მხარეს ის მითები თუ რეალობა, რომელიც მათ არგუმენტების სახით აქვთ.” – თქვა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, “ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგეთა პროტესტი გრძელდება. აქციის მონაწილეები ამ წუთებში “რესპუბლიკის მოედნიდან” ფილარმონიისკენ მიემართებიან, სადაც საავტომობილო გზის გადაკეტვას აპირებენ.