როდესაც ევროპაში და მსოფლიოში ეკონომიკის რეცესიისკენ მიემართება პროცესები, ჩვენ ვინარჩუნებთ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას, მშვიდობას, სტაბილურობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, მთავრობა ამით კმაყოფილი არ უნდა იყოს და მუშაობა გაათმაგებული ტემპით და პასუხისმგებლობით გააგრძელოს.
„მე ახლახან ვიყავი ავსტრიაში და ჩემს კოლეგასთან საუბრისას განვიხილეთ ევროპაში არსებული ვითარება და მსოფლიოში მიმდინარე დინამიკა, რა პროცესები მიმდინარეობს. უკრაინის ომის ფონზე ევროპაში შეიქმნა ძალიან რთული ვითარება – ინფლაცია, მაღალი ფასები, მომარაგებაში და ლოგისტიკაში შექმნილი პრობლემები. ასევე ნაკლებად განვითარებული, ღარიბი ქვეყნების საკვებით მომარაგების მიმართულებითაც პრობლემები შეინიშნება. ექსპერტები და მსოფლიოს ლიდერები საუბრობენ იმაზე, რომ მსოფლიო შეიძლება იყოს შიმშილობის რისკის ზღვარზე, განსაკუთრებით ღარიბი ქვეყნები. ამ ფონზე, როდესაც ევროპაში და მსოფლიოში ეკონომიკის რეცესიისკენ მიემართება პროცესები, ჩვენ ვინარჩუნებთ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას, მშვიდობას, სტაბილურობას. ეს ყველაფერი არის ჩვენი გუნდის დამსახურება და ამას სჭირდება შენარჩუნება“, – დასძინა ირაკლი ღარიბაშვილმა.