„ევროპის სახალხო პარტიის“ ჯგუფის წევრები, მანფრედ ვებერი, მონიკა ჰოლმაიერი და პეტრი სარვამაა ერთობლივ წერილს აქვეყნებენ.
ტექსტში ნათქვამია, რომ ისინი გამოდიან მოწოდებით, შეიქმნას ამერიკის უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) ევროპული ანალოგი.
„მილიონობით არასამთავრობო ორგანიზაცია ყოველდღიურად ახორციელებს გამორჩეულ სამუშაოს, როგორც ადგილობრივად, ისე გლობალურად და მათი შრომისმოყვარე თანამშრომლები იმსახურებენ აღტაცებას და პატივისცემას. მიუხედავად ამისა, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა საჯარო საქმიანობაში, არსებობენ არაკეთილსინდისიერი ადამიანები, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებს ფარად იყენებენ მოსყიდვების, არაგამჭვირვალე ლობირებისა და გარიგებაზე გავლენის მოხდენის მიზნით, როგორც ეს ე.წ. კატარგეითმა აჩვენა. ამ სკანდალში ევროპარლამენტის ყოფილმა წევრმა, ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა და რამდენიმე სოციალისტმა კოლეგამ ბოროტად გამოიყენეს სისტემა მათ სასარგებლოდ.
საბედნიეროდ, ისინი ახლა მართლმსაჯულების წინაშე დგანან, თუმცა ამ საქმემ აჩვენა, რომ ჩვენ გვჭირდება კონტროლის გაძლიერება და ხარვეზების აღმოფხვრა, რომ „კატარგეითის“ მსგავსი კორუფციული შემთხვევები მაქსიმალურად აღიკვეთოს. ჩვენ, „ევროპის სახალხო პარტიის“ ჯგუფის წევრები, მხარს ვუჭერთ მკაფიო სტანდარტებს, გამჭვირვალე და აუცილებლად განსახორციელებელ წესებს. სამწუხაროდ, ევროპარლამენტში „კატარგეითის“ სკანდალის გამოძიებაში ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი ყველას არ აქვს.
ისინი უმეტესად სოციალისტების და მწვანეთა ჯგუფების წარმომადგენლები არიან. ნდობის მასშტაბურ კრიზისში, რომლის წინაშეც დგანან ინსტიტუტები, სწორედ ჩვენზეა დამოკიდებული ნდობის აღდგენა. მილიონობით ევრო, ჩემოდნებში ჩატენილი, იმ ორგანიზაციების მიერ, რომლებიც არასამთავრობოებად არიან შენიღბული, აყენებენ ძლიერ დარტყმას ჩვენს რეპუტაციას, იმ ხალხს, ვისაც რეალური პოლიტიკის კეთება სურს და პატივს სცემს წესებს.
პარლამენტის უმრავლესობა და სხვა ინსტიტუტები არ უნდა იქნეს იმ კრიმინალებთან ერთად მოხსენიებული, რომლებიც ქრთამებს იღებენ და ჩვენ არ გვსურს, რომ ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია დავადანაშაულოთ, რადგან რამდენიმე არასწორად მოიქცა. ჩვენ ერთად უნდა ვიბრძოლოთ, რათა დავიბრუნოთ მოქალაქეების ნდობა. ჩვენ უნდა მოვძებნოთ ის შავი ცხვარი, რომელიც ჩვენს და მსოფლიოში ყველა ლეგიტიმური არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობას ძირს უთხრის. იმისთვის, რომ ევროკავშირის კანონმდებლობის პროცესი რაც შეიძლება გამჭვირვალე გახდეს, ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას მიერ შემოღებულ ზომებს. ჩვენ სასწრაფოდ გვჭირდება არასამთავრობო ორგანიზაციების ყოვლისმომცველი წინასწარი ფინანსური შემოწმება, ვიდრე ისინი არ იქნებიან შეყვანილი გამჭვირვალობის რეესტრში.
უფრო მეტიც, ჩვენ მოვუწოდებთ, რომ შეიქმნას ამერიკის უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) ევროპული ანალოგი. ჩვენ გვჭირდება, რომ მესამე ქვეყნებიდან პოლიტიკოსებმა და ლობისტებმა დაარეგისტრირონ და გამოავლინონ, თუ როგორ უდგებიან ევროკავშირის კანონმდებლებს. „ევროპის სახალხო პარტიის“ ჯგუფი შემდგომში გააგრძელებს მუშაობას კონკრეტულ ნაბიჯებზე, საპარლამენტო საბიუჯეტო კონტროლის კომიტეტსა და ევროპის აუდიტორთა სასამართლოსთან მჭიდრო თანამშრომლობით. ჩვენ უნდა დავადგინოთ წესები, რომლებიც გაართულებს არაგამჭვირვალე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ევროკავშირის ინსტიტუტების მოტყუებას“, – აღნიშნულია წერილში.