LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოვუწოდებთ დარჩენილ პოლიტიკოსებს, გამოიჩინონ გამბედაობა და ქვეყნის კეთილდღეობისთვის, დოკუმენტს ხელი მოაწერონ: ევროპარლამენტარები

67
Untitled design

“გულწრფელად მივესალმებით 19 აპრილს, მმართველ გუნდსა და ოპოზიციური პარტიების უმრავლესობას შორის მიღწეულ შეთანხმებას. მხარეებმა ხელი მოაწერეს ევროსაბჭოს პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ ახალ დოკუმენტს: “საქართველოს წინსვლის გზა”, იმისათვის, რომ საქართველოში დასრულდეს პოლიტიკური კრიზისი და ქვეყანა გამოვიდეს ჩიხიდან.” – ასეთია სამი ევროპარლამენტარი დეპუტატის პოზიცია პოლიტიკურ მხარეებს შორის მიღწეულ შეთანხმებაზე.

ერთობლივ განცხადებას ხელს აწერს სამი ევროპარლამენტარი: ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის ხელმძღვანელი მარინა კალიურანდი, მომხსენებელი საქართველოს საკითხებზე სვენ მიკსერი და დემოკრატიის მხარდაჭერის ჯგუფის წევრი ვიოლა ფონ კრამონი.

ევროპარლამენტარები დოკუმენტის მნიშვნელობაზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ ის პირველ რიგში, საჭიროა საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობისთვის, შეთანხმება ხელს შეუწყობს პოლიტიკური კრიზისის დაძლევას და ასევე შეამცირებს პოლიტიკური პოლარიზაციის საფრთხეს.

ევროპარლამენტარები სამართლიანობის პრინციპების დაცვაზეც ამახვილებენ ყურადღებას, რომელსაც კიდევ უფრო განამტკიცებს პოლიტიკურ მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება. დეპუტატები აღნიშნავენ, რომ სწორედ ამ დემოკრატიული პრინციპების დაცვა შეესაბამება  საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს.

ევროპარლამენტარები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ იმ ოპოზიციურ პარტიებსა და პარლამენტის წევრებს, რომელთაც დოკუმენტზე ხელი ჯერ კიდევ არ მოუწერიათ, გამოიჩინონ გამბედაობა და ქვეყნის კეთილდღეობისთვის – მოაწერონ ხელი დოკუმენტს.

შეგახსენებთ,”ქართულმა ოცნებამ” და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ცალკეულმა დეპუტატებმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ ინიცირებულ დოკუმენტს ხელი 19 აპრილს მოაწერეს.