LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მომავალ წელს ჩვენ შევქმნით ახალ სამუშაო ადგილებს, პროგრესი გვექნება ყველა მიმართულებით – პრემიერი

919
BeFunky-collage (2)

მინდა, განსაკუთრებული პატივისცემითა და სიყვარულით მივულოცო ახალი წელი ჩვენი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს, ყველა ექიმს, ექთანსა თუ დამხმარეს, ხალხს, ვინც, პირდაპირი მნიშვნელობით, დღეს და ღამეს ასწორებს და მუხლჩაუხრელად, უშიშრად, გმირულად ემსახურება ჩვენს ხალხს, მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვას ამ რთულ პერიოდში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საახალწლო მილოცვაში აღნიშნავს.

პრემიერ-მინისტრმა ახალი წელი მიულოცა ემიგრანტებს, ჯარისკაცებს, ყველა საჯარო მოხელეს, ახალგაზრდობასა და უფროს თაობას.

„ახალი წელი მინდა მივულოცო ყველას, ვინც სამშობლოდან შორს, მაგრამ მაინც ჩვენთან ერთად აღნიშნავს ამ დღესასწაულს. მინდა, აქედან მივესალმო ჩვენს ძვირფას ემიგრანტებს და ვისურვო, რომ მალე დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს, საკუთარ სამშობლოს. განსაკუთრებულად ვულოცავ ახალ წელს ჩვენს საამაყო პოლიციელებს, ჩვენს გმირ ჯარისკაცებს, ჩვენს ოფიცრებს, მათ, ვინც თავდადების მაგალითს აძლევს მომავალ თაობებს. ახალ წელს ვულოცავ ყველა საჯარო მოხელეს, ყველა მშრომელ ადამიანს, ვისი ყოველდღიური კეთილსინდისიერი საქმითა და შრომით არის შესაძლებელი ჩვენი სახელმწიფოს წარმატება და გაძლიერება.

ვულოცავ ჩვენს ახალგაზრდობას, არაჩვეულებრივ, პროგრესულ, ნიჭიერ თაობას და ბევრ წარმატებას ვუსურვებ ცხოვრების გზაზე. ვულოცავ ჩვენს პროფესორ – მასწავლებლებს, ჩვენი ახალგაზრდობის აღმზრდელებს. ვპირდები, მომავალშიც გავაგრძელებთ მათი შრომის უფრო მეტად დაფასებას და მე ვისურვებდი, ბევრი სიხარული და ბედნიერება მოეტანოს მათთვის ამ ახალ წელს. დიდი მოწიწებით ვულოცავ ჩვენს უფროს თაობას, ჩვენს პენსიონერებს, ვეტერანებს, მხნეობას და ჯანმრთელობას ვუსურვებ მათ. ჩვენი ვალია, ვიზრუნოთ მათზე და ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ ამისთვის. ახალი წელი და მომავლის იმედი გვაძლევს რწმენას და ძალას, რათა უფრო მეტი შემართებით, თავდადებით, გულწრფელობითა და სიყვარულით ვემსახუროთ ჩვენს ძვირფას სამშობლოს!“ , – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მომავალ წელს მთავარი მიზანი უნდა გახდეს ეკონომიკურად ძლიერი და გამთლიანებული საქართველო, ძლიერი ქართული სახელმწიფო.

„მომავალი წელი კიდევ უფრო ძლიერ ბიძგს მისცემს ჩვენს საქმიანობას. პირველ რიგში, ეს იქნება ეკონომიკის მიმართულება. გასული წელი წარმატებული იყო, მოსალოდნელზე უფრო სწრაფი ტემპით დაიწყო აღდგენა ეკონომიკამ და ზრდის მაჩვენებლის მიხედვით, საქართველო გამორჩეული ლიდერია არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთელი ევროპის მასშტაბით, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ მიღწეულით არ ვკმაყოფილდებით, ჩვენ მეტი გვჭირდება, კიდევ უფრო სწრაფი განვითარება და კეთილდღეობა უნდა მოვუტანოთ ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს. მომავალ წელს ჩვენ შევქმნით ახალ სამუშაო ადგილებს, უნდა შევამციროთ სიღარიბე, განვითარება და პროგრესი გვექნება ყველა მიმართულებით, ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ხვალინდელი დღე გახდეს უკეთესი.

ეკონომიკურად ძლიერი და გამთლიანებული საქართველო, ძლიერი ქართული სახელმწიფო – ეს უნდა გახდეს ჩვენი მთავარი მიზანი. ეს შესაძლებელია და ჩვენ ეს შეგვიძლია! ჩვენი ერთობით, თანმიმდევრული და თავდაუზოგავი შრომით, საქართველო აუცილებლად გახდება ასეთი სახელმწიფო. ახალ წელს ახალი იმედები მოაქვს ყოველთვის და სწორედ ამ იმედით მინდა მივულოცო ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს 2022 წლის დადგომა. მთელი გულით ვისურვებდი, რომ ეს წელი გარდამტეხი ყოფილიყოს ჩვენი ურთიერთობების დაახლოების კუთხით და მალე განვითარებულ და გამთლიანებულ საქართველოში გვეცხოვროს ერთად“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები