ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს გენერალური მდივანი ზვიად ჭუმბურიძე ქართულ ბიზნესსექტორს ურჩევს, რუსეთის ბაზრის ჩანაცვლებაზე აქტიურად იმუშაონ. „შევეცადოთ, მოვძებნოთ ის პარტნიორები, სადაც ბიზნესების კეთება შეგვეძლება და არ ვიყოთ დამოკიდებული რუსულ ბაზარზე. არა მხოლოდ ბიზნესწრეებს, არამედ, საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ არის ერთი რუსეთი, რომელიც აგრესორია. ის ჩვენი ქვეყნის და არა მხოლოდ ჩვენი, ზოგადად დასავლური ღირებულებების მტერია“,- აცხადებს ზვიად ჭუმბურიძე „ბიზნეს ფორმულასთან“ საუბრისას.
მისივე განმარტებით, მკაფიო ნიშნებია, რომ საქართველო იმ რამდენიმე ქვეყნის გვერდითაა, რომელსაც რუსეთთან ურთიერთობა სურს. ზვიად ჭუმბურიძის თქმით, საქართველო ევროპისკენ თუ არ წავა, ჩრდილოეთში აღმოჩნდება.
„ახლა ჩვენ სწორედ იმ გზაჯვარედინზე გავდივართ, რომელსაც მარცხნივ და მარჯვნივ გადასახვევი არ აქვს. ან მივდივართ პირდაპირ, რასაც ჰქვია გზა ევროპისკენ, ან ვჩერდებით, და ეს არის უკან დახევა, რაც იქნება ძლიერი დარტყმა ჩვენი ქვეყნის მომავალი დემოკრატიული განვითარებისთვის. უკან წასვლა, ჩრდილოეთისკენ სვლას ნიშნავს“, – აღნიშნა ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს გენერალურმა მდივანმა „ბიზნეს ფორმულასთან“.