“მე მჯერა იმ კონსტრუქციული, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ოპოზიციონერების, რომლებიც გადაწყვეტენ, მიიღებენ გაბედულ ნაბიჯს და შეუერთდებიან პარლამენტს, იმისთვის, რომ ხვალინდელი დღე ჩვენი მოსახლეობისთვის იყოს უკეთესი.” – ცოტა ხნის წინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან ბრიუსელში ვიზიტი შეაფასა და აღნიშნა, რომ იმ მნიშვნელოვან შეხვედრებზე, რომელშიც უკვე მეორე დღეა მონაწილეობს, ყველას რჩევა ერთია – პოლიტიკურმა პარტიებმა გამონახონ საერთო ენა და ყველამ ერთად, პოლიტიკური ცხოვრება საქართველოს პარლამენტში გააგრძელონ.
ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ განსხვავებული პოზიცია არავის დაუფიქსირებია და რომ ყველა დაინტერესებულია საქაღთველოს უკეთესი მომავლით:
“რომ შევაჯამოთ, ყველას საერთო რჩევა არის შემდეგი – პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გამონახონ საერთო ენა და ჩვენ, ყველამ ერთად, პოლიტიკური ცხოვრება უნდა გავაგრძელოთ საქართველოს პარლამენტში. ეს არის ყველას პოზიცია და მე ყველაში ვგულისხმობ აბსოლუტურად ყველას, არავის დაუფიქსირებია განსხვავებული პოზიცია.
მქონდა ნაყოფიერი საუბარი ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, მქონდა ძალიან საინტერესო საუბარი საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან და ჩვენს სხვა მეგობრებთან, რომლებიც რეალურად არიან დაინტერესებულები ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლით.
ჩვენ, რა თქმა უნდა, დიალოგს ვაგრძელებთ, მაგრამ ყველა იმ რეალობის გათვალისწინებით, რაც თქვენ აქ გუშინ მოისმინეთ – ბორელის, ვარჰელის პოზიცია, ეს არის ევროკომისიის ოფიციალური პოზიცია. აქედან გამომდინარე, კითხვები, რომელიც უკავშირდება არჩევნების ლეგიტიმურობას, რომელიც ჩატარდა და რომელზეც ჩვენ ვნახეთ ოდირის ბოლო ანგარიში, დღესაც იგივე დადასტურდა, რეალურად ეს გამორიცხავს ყოველგვარ შეკითხვას და კითხვას, რომელიც ამ ხელოვნურად შექმნილი კრიზისიდან მომდინარეობს.” – განაცხადა პრემიერმა.
ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გამოთქვა იმედი, რომ კონსტრუქციული, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ოპოზიციონერები მიიღებენ გაბედულ ნაბიჯს და შეუერთდებიან პარლამენტს.
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელს 15 მარტს ეწვია.
16 მარტს გაიმართა ასოცირების საბჭოს სხდომა. დღეს კი შეხვედრები იმართება ევროპარლამენტსა და ნატო-ში.