პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას და მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში გამართულ შეხვედრას ეხმიანება. მისი განცხადებით, „მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ არის ლიდერი და ბუნებრივია, მას რჩევას ეკითხებიან“.
ჩარკვიანის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილის უცხო ქვეყნის მოქალაქეობა, იძულებითი მდგომარეობაა.
„27-პროცენტიანი პარტიის დამფუძნებელი, ლიდერი რომ გადაწყვეტილებას იღებდეს და აქედან ადამიანები რჩევას აძლევდნენ, ამაში არაფერი განსაკუთრებული არ არის. ის არის ხელისუფლების მიერ დევნილი, თორემ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ არის ლიდერი და ბუნებრივია, მას ეკითხებიან რჩევას, ამაში საკვირველი აბსოლუტურად არაფერია.
მისი სარჩელი წარმოებაში მიიღეს და ახლა საინტერესოა, სტრასბურგი რას იტყვის. არაა განსაკუთრებული, რომ მისგან რჩევას იღებენ, ამხელა ოპოზიციური პარტიაა და ბუნებრივია მისი აზრი აინტერესებთ. მე, საერთოდ, გაცხადებული მაქვს ჩემი პოზიცია- არშესვლის მომხრე ვარ. თუმცა, განსხვავებით იმ ბოიკოტისგან, ზუსტად ვიცოდი რას ვაკეთებდი, ახლა მე ჩემს თავზე იმ ტვირთს არ ავიღებ. მე ჩემს პოზიციას ვიტყვი – ვარ არშესვლის მომხრე, თუმცა ვითვალისწინებ, არსებობს საფრთხეებიც და მესმის ადამიანების, რატომ აანონსებენ შესვლას“, – განაცხადა ჩარკვიანმა.