LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მდინარაძე სახალხო დამცველის არჩევაზე – გვრჩება იმედი, რომ ოპოზიციაში მოვლენები კიდევ ერთხელ გადააფასონ, არსებობს პროცესის ჩავარდნის საფრთხე

153
მამუკა მდინარაძე

ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, ამ ეტაპზე, მმართველ გუნდთან სახალხო დამცველის კანდიდატურაზე შეთანხმების მიღწევა შეუძლებელი აღმოჩნდა.

უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის კონსულტაციების მესამე რაუნდის დასრულების შემდეგ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ რჩება თეორიული შანსი, ოპოზიციამ მოვლენები გადააფასოს და შეცვლილი პოზიციით დაბრუნდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, პროცესის ჩავარდნის საფრთხე არსებობს:

„გამორიცხვის მეთოდით დატოვებული რვა კანდიდატიდან ოპოზიციას შევთავაზეთ, რომ ხუთი მათგანისთვის დაეჭირათ მხარი, უფრო სწორად, რომელიმე მათგანისთვის მაინც.

ანუ ჩვენი მხრიდან კომპრომისი იყო დაშვებული, რომ ამოერჩიათ ხუთი კანდიდატიდან ერთი, რომელიც უნდოდათ. თუმცა, მათი კატეგორიული პოზიციაა, რომ მათ მიერ წარმოდგენილი ორი კანდიდატის გარდა, ისინი სხვა კანდიდატს მხარს არ დაუჭერენ და ჩვენ ვეუბნებით, რომ ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი ამოსავალი წერტილი, სხვა დანარჩენ არგუმენტებს რომ თავი დავანებოთ, პოლიტიკური მიუკერძოებლობაა.

ვიცით, რომ მათ მიერ წარმოდგენილი კანდიდატებიდან ამის შესაძლებლობის დაშვება არის გამორიცხული. მათ შორის, გარკვეული უხერხული მომენტები არსებობს კოლეგის, იაგო ხვიჩიას მიმართაც, თუმცა პოლიტიკური პარტიის ლიდერი ალბათ ძნელი წარმოსადგენია, რომ არჩევის შემთხვევაში პოლიტიკურ მიუკერძოებლობას მოახერხებს.

აქედან გამომდინარე, დარჩა ხუთი კანდიდატი, სადაც ჩვენ გვაქვს პოლიტიკური მიუკერძოებლობის მეტ-ნაკლები გარანტია. შევთავაზეთ, რომ ამ ხუთიდან ერთ-ერთი ამოერჩიათ, თუმცა ამაზე ჩვენ დღეს, წინა შეხვედრიდან გამომდინარე და დადებითი პასუხი ვერ მივიღეთ. ამიტომ, გვრჩება იმედი, პირადად მე ხედავ თეორიულ შანსს – კიდევ ერთხელ გადააფასონ მოვლენები, წინ დააყენონ ევრორეკომენდაციების შესრულების უპირატესი საქვეყნო სახელმწიფოებრივი ინტერესი და იქნებ შეცვლილი პოზიციით დაბრუნდნენ, თუმცა თუ ეს არ მოხდება, მაშინ, რა თქმა უნდა, არსებობს ჩავარდნის საფრთხე და შემდეგ გვეყოლება კიდევ მოსაძებნი ახალი კანდიდატები, ახალი პროცესი და ასე შემდეგ. დავიტოვოთ იმედი, რომ იქნებ ამ ჩვენს კომპრომისულ წინადადებაზე პასუხი მივიღოთ“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.