„როგორც ჩემთვის ცნობილია, უკრაინის ელჩს არც ერთი წუთით ქვეყანა არ დაუტოვებია“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც მანვე აღნიშნა, იგი ამ ინფორმაციის გადამოწმებას შეეცდება.
რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.
„გადაამოწმეთ, დააზუსტეთ, მეც შევეცდები ამას. როგორც ჩემთვის ცნობილია, ამ მომენტისთვის მას საქართველო არც დაუტოვებია და ძალიან უცნაურია. ამ თემაზე ჩვენ ბევრ კომენტარს არც გავაკეთებთ, ინსინუაციების დრო არ არის. 100%-იანი ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ როგორც ჩემთვის ცნობილია, საქართველო არც დაუტოვებია.
რაც შეეხება გაწვევას, საომარ მდგომარეობაში მყოფ უკრაინის ხელისუფლებას დამატებით კრიტიკას ვერ დავუწყებთ, ვთქვით ერთხელ, რომ იყო ალოგიკური, იყო კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის მხარდაჭერით დაორგანიზებული ეს ყველაფერი, რბილად რომ ვთქვათ და ამ პოლიტიკურ ჯგუფს უკრაინის სამთავრობო წრეებშიც აქვთ კავშირები, საქართველოში რადიკალურ ოპოზიციას, ჰიბრიდული ომის მწარმოებელ და ომის პარტიას წარმოადგენენ,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, იგორ დოლგოვი ამჟამად საქართველოში იმყოფება და მედიისთვის 15:00 საათზე განცხადების გაკეთებას გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, 1 მარტს, „ქართული ოცნების“ წევრების განცხადებების შემდეგ, უკრაინის ელჩი საქართველოში იგორ დოლგოვი, ქვეყნიდან გაიწვია, ხოლო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების არშეერთებასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის პოზიციას ამორალური უწოდა.