სამწუხაროდ, ოკუპანტთან ომში მყოფი უკრაინის ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლები საკმაოდ ხშირად იცლიან ე. წ. ლაივვიდეოების ჩასაწერად და განცხადებების გასაკეთებლად საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, მსგავსი მასშტაბის საინფორმაციო ომის წარმოება ქვეყნის შიგნით და გარეთ არის ქვეყნის და მისი ევროპული მომავლის წინააღმდეგ ბრძოლის უპრეცედენტო მაგალითი.
“ერთი მხრივ რუსეთი აწარმოებს ღია აგრესიას და ომს უკრაინის ტერიტორიაზე, არღვევს აბსოლუტურად ყველა საერთაშორისო ნორმას, იხოცებიან ადამიანები და საქართველოც, რომლის ტერიტორიების 20%-მდე ოკუპირებულია იმავე სახელმწიფოს მიერ, დგას უდიდესი გამოწვევის წინაშე.
მეორე მხრივ ჩვენმა ქვეყანამ სულ რამდენიმე დღის წინ შეიტანა განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად.
ამ ფონზე მსგავსი მასშტაბის საინფორმაციო ომის წარმოება ქვეყნის შიგნით და გარეთ, დიდი რაოდენობის თანხების ხარჯვა და კამპანიის ლობირება საკუთარი ქვეყნის და ხელისუფლების წინააღმდეგ, არის ქვეყნის და მისი ევროპული მომავლის წინააღმდეგ ბრძოლის უპრეცედენტო მაგალითი,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისი სიტყვებით, “უკრაინაში რუსეთის ღია აგრესიის და წარმოებული საომარი მოქმედებების კვალდაკვალ, საქართველოში რადიკალურ ოპოზიციას გაჩაღებული აქვს მძლავრი საინფორმაციო ომი საქართველოს ხელისუფლების და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ”
“საინფორმაციო ომში ჩართულია რადიკალური ოპოზიციის აბსოლუტურად ყველა საინფორმაციო საშუალება და პარტიული აქტივი მთლიანი რესურსით, რომლებიც თავიანთ მავნებლურ კამპანიას რამდენიმე მიმართულებით აწარმოებენ.
მაგალითად:
- ვნახეთ, რომ აბსოლუტურად უსაფუძვლო და შეგნებულად შექმნილი აღმოჩნდა აჟიოტაჟი იმის შესახებ, რომ თითქოს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების განსაკუთრებული მიგრაცია შეინიშნება.
რაც შეეხება კონკრეტული მოქალაქეების შემოშვება-არშემოშვების საკითხს, რაზეც პერიოდულად გარკვეულ კონკრეტულ ნეგატიურ კამპანიებს ვაწყდებით ხოლმე საინფორმაციო სივრცეში:
როგორც ჩვენი მხრიდან უკვე გახმოვანდა, სხვა ქვეყნის მოქალაქის საქართველოში შემოსვლის დროს შესაბამისი უწყებები, აზღვევენ ყოველგვარ თეორიულ რისკსაც კი და შემოშვების შესახებ ყველა კონკრეტულ შემთხვევაში, თავისი კომპეტენციის შესაბამისად, იღებენ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას.
- რადიკალური ოპოზიციის ყველა სპიკერს და პარტაქტივის თითოეულ წარმომადგენელს დავალებული აქვს, რომ ნებისმიერი შესაძლებლობისას, რაც შეიძლება მეტჯერ გაიმეორონ, რომ საქართველოსჰყავს რუსული ხელისუფლება.
კამპანია წარმოებს როგორც ქვეყნის, ასევე, რაც კიდევ უფრო ქვეყნისთვის უკიდურესად დამაზიანებელი და ამორალურია, საქართველოს ფარგლებს გარეთ. როგორც ჩანს, მათ მართლაც ჰყავთ დაქირავებული ლობისტები ამ მიზნის მისაღწევად და გავრცელებული ინფორმაციაც ამასვე ადასტურებს.
- უკვე რამდენიმე დღეა მიდის კამპანია იმის შესახებ, რომ თითქოს ომის დროს რუსეთთან წარმოებს მოლაპარაკებები კონკრეტულ ახალ საკითხებზე სავაჭრო სფეროში, რაც ასევე მდარე ფეიკია. რეალურად რძის ნაწარმთან დაკავშირებით მიმდინარე სავაჭრო მოლაპარაკებების ფარგლებში კერძო კომპანიების მიმართვა გაგზავნილი იყო 2020 წელს და პასუხი ამ მიმართვაზე რუსეთის შესაბამისმა სამსახურმა “რატომღაც” ოთხი დღის წინ გამოაგზავნა.
- ბოლო დღეებში სოციალურ ქსელებში და ინტერნეტსაიტებზე გამოჩნდა დასპონსორებული გვერდები და ვიდეორგოლები, რომლებიც ომის შესახებ პირდაპირ მოწოდებას ეხება. ქვეყნის ფარგლებს გარედან გავრცელებული ამ ვიდეორგოლების პათოსს ირიბად და ხანდახან პირდაპირი მინიშნებებითაც კი რადიკალური ოპოზიციის აქტივი და მათი ლიდერები ამძაფრებენ ვითომდა მორალურ, ეროვნულ, ვაჟკაცურ ემოციებზე მითითებით და ამგვარად ცდილობენ შეფუთონ მათი მხრიდან ომის პროპაგანდა.
- დაფიქსირდა ცრუ ინფორმაციებიც იმის შესახებ, რომ თითქოს ხდება ქართული სამხედრო ძალების ცალკეული დანაყოფების დისლოკაციის ადგილის შეცვლა, გადაადგილება და ა.შ. თუმცა ამ ფეიკის მხარდაჭერას ისეთივე ღია ფორმებით, როგორსაც წინა შემთხვევებში, ვერ ბედავენ.
- გარდა იმისა, რომ საინფორმაციო ომის შემადგენელ ელემენტებად რამდენიმე მიმართულების კამპანია აქვთ გაშლილი ქვეყნის შიგნით და გარეთ, ალბათ შეამჩნევდით, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის კამპანიას. მათ მიაჩნიათ, რომ არსებულ ემოციურ ფონზე ამისი გატანა მარტივად შესაძლებელია და აორგანიზებენ სხვადასხვა აქტივობებს, რომლითაც ისინი დისკრიმინაციის, ჩაგვრის და სხვა სახით ზემოქმედების გამართლებას ცდილობენ. თავის მხრივ დისკრიმინაციის ეს კამპანია, გარდა იმისა, რომ აბსოლუტურ სიბნელეს და შუასაუკუნეების მიდგომას წარმოადგენს, უდიდესი რისკის ქვეშ აყენებს რუსეთში და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ასიათასობით მოქალაქეს და შეიცავს პროვოკაციის მომეტებულ რისკს საქართველოს ომში ჩათრევის უკვე კარგად გაშიფრულ ინტერესთან მიმართებით”, – თქვა მდინარაძემ და მოუწოდა საზოგადოებას, რაც არ უნდა რთული იყოს, “სიმშვიდით შეხვდნენ რადიკალური ოპოზიციის, იგივე მეხუთე კოლონის მიერ წარმოებულ მტრულ და მავნებლურ კამპანიას”.