„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველი გუნდი მხარს დაუჭერს პარტია „მოქალაქეების“ წევრის ლევან იოსელიანის ინიციატივას, რომ პარლამენტში ომბუდსმენის არჩევის დროს კენჭისყრა ღია იყოს.
როგორც მდინარაძემ პარტიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მმართველი გუნდი შეთანხმდა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატის, ლევან იოსელიანის ინიციატივას მხარს დაუჭერენ.
გარდა ამისა, მამუკა მდინარაძემ პარტიის სხდომაზე განხილულ სხვა საკითხებზეც ისაუბრა.
„კომიტეტის თავმჯდომარეები აირჩევიან ხვალ, საუბარია იმ კანდიდატებზე, რომლებიც „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა. მესამე საკითხი იყო რეგლამენტში ცვლილებები. ევრორეკომენდაციის შესაბამისად, საპარლამენტო ზედამხედველობის ხარისხზეა საუბარი, საპარლამენტო პოლიტიკურმა ჯგუფებმა, მათ შორის საპროცედურო კომიტეტმა იმუშავა, შევა არაერთი ცვლილება.
ასევე, ჩვენ მხარს დავუჭერთ საპარლამენტო ოპოზიციიდან ლევან იოსელიანის წინადადებას, რომლის მიხედვითაც, ომბუდსმენის არჩევის დროს კენჭისყრა უნდა იყოს ღია. ამასთან დაკავშირებით პირადად ჩემი პოზიცია იყო, რომ სხვა თანამდებობის პირების არჩევის დროსაც იყოს ღია კენჭისყრა.
ამ საკითხს ხვალ დავაყენებ. შემდეგი საკითხი იყო ასევე ევრორეკომენდაცია, საუბარი გვქონდა სტრასბურგის პრაქტიკასთან შესაბამისობაში მოყვანაზე და აქაც პრინციპში თითქმის ყველა შენიშვნა „ენჯეო“ სექტორიდან იქნა გათვალისწინებული და უამრავი ცვლილება შედის შესაბამის კანონში. ამასთან, პარასკევს ჯანდაცვის მინისტრთან ინტერპელაცია იქნება.“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისივე ინფორმაციით, მმართველი გუნდი სახელმწიფო აუდიტორის თანამდებობაზე მხარს ცოტნე ყავლაშვილის კანდიდატურას დაუჭერს.