„მმართველი პარტიის თავმჯდომარე არის ადამიანი [ირაკლი ღარიბაშვილი], რომელიც მოწყვეტილია რეალობას. საერთოდ არ იცნობს ხალხის საჭიროებებს და ლაპარაკობს მილიონერ მამაზე – როდის გახდა მამამისი მილიონერი? ღარიბაშვილი, რომელიც ცალ-ცალი ფეხსაცმლით მოვიდა [ხელისუფლებაში], როგორ არის მილიონერი?“ – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანნჯგალაძემ განაცხადა.
მანჯგალაძის თქმით, ეს ყველაფერი ადამიანურადაც სამწუხაროა და ქვეყნისთვის კიდევ უფრო დიდი პრობლემაა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ღარიბაშვილს და „ქართულ ოცნებას” კეთილსინდისიერებასთან არავითარი საერთო არ აქვს.
„[ირაკლი ღარიბაშვილი] საერთოდ არ იცნობს ხალხის საჭიროებებს და ლაპარაკობს მილიონერ მამაზე, როცა ხელისუფლებაში მოსვლის დროს პირდაპირ თქვა, რომ ძალიან მძიმე პირობებში უწევდა მუშაობა, სტუდენტობა, არანაირი შემოსავალი ოჯახიდან არ ჰქონია და ახლა ამბობს, რომ მამამისი არის მილიონერი.
როდის გახდა მამამისი მილიონერი? მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმებაზე რომ ვლაპარაკობთ, მოდით, „ქართული ოცნებით“, ღარიბაშვილით დავიწყოთ და აღმოჩნდება, რომ კეთილსინდისიერებასთან არავითარი საერთო ღარიბაშვილს და “ქართულ ოცნებას” არ აქვს“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, რას უნდა ემსახურებოდეს ამერიკის საელჩოს იუსტიციისა და მართლმსაჯულების მიმართულების კურატორის მხრიდან, დაბადების დღის აღნიშვნის მოტივით, სამი მოსამართლის იტალიაში წაყვანა, მანჯგალაძემ უპასუხა, რომ „რომ არა ამერიკა, რუსეთის გუბერნია ვიქნებოდით”.
„ჩემთვის პრობლემაა, ღარიბაშვილი რომელიც ცალ-ცალი ფეხსაცმლით მოვიდა [ხელისუფლებაში], როგორ არის მილიონერი? ამერიკა არის ჩვენი დამოუკიდებლობის გარანტია. რომ არა ამერიკა, ვიქნებოდით რუსეთის გუბერნია.
უცხოეთის დაფინანსებით აქვთ მიღებული განათლება პაპუაშვილს, ღარიბაშვილს, კობახიძეს და ბევრ სხვას. ეს არ არის ჩარევა?“- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
ინფორმაციისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და ყოფილმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მამამისს, რომელიც პენსიონერია, მრავალმილიონიანი ბიზნესი და ქონება ოფიციალურად აქვს.
ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ „მრავალმილიონიანი ქონება მამამისმა შექმნა სხვადასხვა საშუალებებით”, თუმცა არ დაუკონკრეტებია, როგორ ან რა გზით.