„ბევრი ჩვენგანი, მათ შორის რამდენიმე მინისტრი, ვიქნებით რესპუბლიკის მოედანზე მათთან ერთად, ვინც ვერ შეძლო ბილეთების ყიდვა, მათთან ერთად ვუგულშემატკივრებთ ჩვენს ძალიან მაგარ ბიჭებს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
როგორც მანვე აღნიშნა, დღეს არის შესაძლებლობა, რომ ახალი ისტორია დაიწეროს. მდინარაძის თქმით, დღეს ის ამ მატჩის სანახავად რესპუბლიკის მოედანზე თავადაც იქნება:
„გავიყავით, უმრავლესობის წევრების ნახევარი რესპუბლიკის მოედანზე ვიქნებით, ხოლო დანარჩენები, რომლებსაც ბილეთი შეხვდათ, იქნებიან მოედანზე. ლევან კობიაშვილს ველაპარაკე და მითხრა, რომ ბილეთები როცა გაიყიდა, იმ წუთის მდგომარეობით, ნახევარი მილიონი ადამიანი იდგა რიგში. წარმოიდგინეთ, რამდენმაც ყიდვა შეძლო, ალბათ ოცი იმდენი დარჩა ბილეთების გარეშე.
ფეხბურთის მატჩის გამო ავტობუსები 02:00 საათამდე იმოძრავებს – იხილეთ მარშრუტების ჩამონათვალი
ამ ხალხს გავუწევთ ანგარიშს და ბევრი ჩვენგანი, მათ შორის რამდენიმე მინისტრი, ვიქნებით რესპუბლიკის მოედანზე მათთან ერთად, ვინც ვერ შეძლო ბილეთების ყიდვა. მათთან ერთად ვუგულშემატკივრებთ ჩვენს ძალიან მაგარ ბიჭებს და მაგარ ნაკრებს. არ ვიცი, რა შეიძლება იყოს ამაზე მაგარი დღე. დღეს უნდა მოვახერხოთ და გავიმარჯვოთ.
ეს იქნება ახალი ისტორია, არა მხოლოდ ფეხბურთის, არამედ ქვეყნის ახალი ისტორია. მათ შეუძლიათ, ეს ისტორიული ფურცელი გადაფურცლონ. ამაზე უფრო პოზიტიური არაფერი შეიძლება მოხდეს დღეს ამ ქვეყანაში. ეროვნულ ნაკრებს ვუსურვებ უდიდეს წარმატებებს ეროვნული საქმის გაკეთებაში. ჩვენ დღეს უნდა გავიმარჯვოთ“. – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ინფორმაციისთვის, დღეს, „დინამო არენაზე“ საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ევროპის ჩემპიონატის პლეიოფის ფინალურ მატჩს გამართავს. მატჩის პარალელურად, პირველი რესპუბლიკის მოედანზე თბილისის მერიისა და ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული ღონისძიება გაიმართება და ტერიტორიაზე ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის დიდი ეკრანი განთავსდება.
შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება, ხოლო პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოწყობილ ზონაში მისვლა გულშემატკივრებს 19:00 საათიდან შეეძლებათ.