LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა მდინარაძე: „ერთადერთი გზა გვაქვს ჩვენს აფხაზ, ოს დებთან და ძმებთან დიალოგის, შერიგების, ურთიერთპატიების“

133
მამუკა მდინარაძე

„თავს შევიკავებ დეტალური პასუხისგან – ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს პირდაპირ უნდა ველაპარაკოთ, ჩვენ მათ უნდა შევურიგდეთ“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ სერგეი შამბასა და ვახტანგ ყოლბაიას ონლაინ შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა და აღნიშნულით უპასუხა კითხვას, განიხილავენ თუ არა მოლაპარაკებებს რაიმე ფორმატში აფხაზურ მხარესთან.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, „ჩვენ ერთმანეთისთვის საპატიებელი გვაქვს რაღაცები“. მისივე თქმით, დიალოგი, შერიგება და ურთიერთპატიება და საქართველოს განვითარება არის სწორი გზა და სწორი მოქმედებების „კალაპოტში რაც ჩაჯდება“, ყველაფერს გააკეთებენ.

„მე თავს შევიკავებ დეტალური პასუხისგან, ზოგადი იქნება ჩემი პასუხი. თუკი რაიმე „მესიჯი“ შეიძლება არსებობდეს, რომელიც ამყარებდეს სხვა მთავარ „მესიჯს“, რომ ჩვენ ერთადერთი გზა გვაქვს ჩვენს აფხაზ, ოს დებთან და ძმებთან დიალოგის, შერიგების, ურთიერთპატიების და კიდევ უფრო ზოგადი გზა, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ადგას, არის განვითარების და მშვიდობის გზა.

ეს მათთვისაც „მესიჯია“, ამიტომ ჩვენ მათ პირდაპირ უნდა ველაპარაკოთ, ჩვენ მათ უნდა შევურიგდეთ, ამ ხალხს ჩვენს ძმებს უნდა შევურიგდეთ.

როგორც ოჯახში შეიძლება რაიმე მოხდეს ადამიანებს შორის სერიოზული და შემდეგ პატიება იყოს საჭირო, რომ კვლავ გაერთიანდნენ, ოჯახი არ ჩამოიშალოს და ჩამოინგრეს, ჩვენც ოჯახურად უნდა შევხედოთ, რადგან ისინი ჩვენი ნაწილი არიან.

ძალიან ხშირად ჩვენს ტერიტორიებს ვახსენებთ, მაგრამ არასდროს უნდა დაგვავიწყდეს ხალხზე ლაპარაკი. ჩვენ ერთმანეთისთვის საპატიებელი გვაქვს რაღაცები.

ვინც რა არ უნდა ილაპარაკოს, სპეკულაციით ბზარის გაჩენა მოახერხოს დამატებითი (ბზარი არ აკლია ამ ყველაფერს), ჩვენ უნდა მოვახერხოთ მშვიდობით და შერიგებით ტერიტორიების და ერთმანეთის დაბრუნება, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ამ გზაზე.

ამ გზაზე, სწორი „მესიჯის“ და სწორი მოქმედებების საერთო კალაპოტში რაც კი ჩაჯდება, ყველაფერს გავაკეთებთ, დანარჩენი დეტალებია, რომელზეც შეგნებულად, რომ მერე რაიმე სპეკულაცია არ მოაყოლოთ ამას, არ ვისაუბრებ“. – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, აფხაზეთის უშიშროების ე.წ. საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარესა და უმაღლესი საბჭოს წევრთან, ვახტანგ ყოლბაიასთან ონლაინ შეხვედრა გამართა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები