„ყველაფერი იმის განცდას მიქმნის, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსული ეფ-ეს-ბეს დანამატია“, – ამბობს პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი „კვირის პალიტრასთან“ მიცემულ ინტერვიუში და არ გამორიცხავს, რომ საქმე სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივიდეს.
„გამოდიან და გვაშინებენ გადატრიალებით, ყოველ წუთს ევრომაიდანს გაიძახიან. მე მგონია, ვინც ამაზე ლაპარაკობს, ისიც არ იცის, რას მოჰყვა უკრაინაში ევრომაიდანი… და საერთოდ, თუ საქმე ევრომაიდანამდე მივა, მეც ვიბრძოლებ, ნებისმიერი ფორმით“, „მამაძაღლ ფარცხალაძეს რომ გადაეფარები და იტყვი, ღირსეული კაციაო, მერე შენზე უარესი ვინღა უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში?!“ – აღნიშნავს ალეკო ელისაშვილი.
მისივე თქმით, მას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძესთან მწვავე საუბარი ჰქონდა.
„მამუკა მდინარაძესთან საკმაოდ მწვავე საუბარი მქონდა.. იქ „ქართული ოცნებიდან“ სხვებიც იყვნენ. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მეუბნება, რა იცი, ბიჭო, აგენტი რომაა, დადე მტკიცებულებაო. ვეუბნები, კონტრდაზვერვის სისტემასთან წვდომის უფლება მომეცი და დავდებ მეთქი. მერე მეუბნება, მტკიცებულებები მათ უნდა დადონ, ვინც ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირაო. ამათი ლოგიკით, ამერიკელებმა კეთილი უნდა ინებონ და დაამტკიცონ – ფარცხალაძე რუსეთის სპეცსამსახურებთან რომ თანამშრომლობდა.
ჯერ ის მაინტერესებს, ნუთუ მართლა ჰგონიათ, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მტკიცებულებების გარეშე ასანქცირებს ხალხს? ეს ხომ სამარცხვინო განცხადებაა, მაგრამ სუს-მა ამაზე მეტად სამარცხვინო რამ თქვა, ფარცხალაძის საქმის მოკვლევას, შესწავლას ვიწყებთო.
გამოდის, ამ სამსახურმა საკუთარი ფუნქციაც კი არ იცის – სუს-ი არის სამსახური, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სადარაჯოზე უნდა იდგეს, კონტრდაზვერვა არ არის საგამოძიებო-სტრუქტურული ორგანო, რომელიც დამდგარ ფაქტზე უნდა იწყებდეს გამოძიებას.
ამერიკელებმა რომ გვითხრეს ფარცხალაძეზე, ეგ კაცი ვიგინდარა და საქართველოს მოღალატეაო, სუს-ს ან მაშინვე უნდა უნდა მოეკეტვინებინა მათთვის, ამ ფრთიან ანგელოზს როგორ აბრალებთ ასეთ რამესო, ან მანამდე თავადვე უნდა გამოევლინა და დაეჭირა.
ჩვენი უსაფრთხოების სამსახური კი მშვიდად გვეუბნება, მოვიკვლევთ საკითხს და თქვენც ჩაგაყენებთ საქმის კურსშიო. კარგად არიან ეგენი?! მართლა ჩალით ხომ არ არის დახურული ეს ქვეყანა?
დაზვერვის თანამშრომლებმა შესანიშნავად იციან, რომ მაგათი გულშემატკივარი ვარ და პარლამენტში მუდმივად ამ უწყების ბიუჯეტის გაზრდისთვის ვიბრძვი, მაგრამ იქ თუ ოპოზიციის თვალთვალისა და დომინოს თამაშის მეტს არაფერს აკეთებენ, ვეღარ ვიქნები მაგათი გულშემატკივარი. იმაზე აღარაფერს ვამბობ, ბოტასების ქურდი რომ შემოგვეპარა მთავარ პროკურორად და ჯაშუშიც ყოფილა,“- ამბობს „მოქალაქეების“ ლიდერი.
ელისაშვილის თქმით, ის და მდინარაძე ვერაფერზე შეთანხმდნენ.
„ვერაფერში ვერ დავარწმუნეთ ერთმანეთი. საბოლოოდ მოვითხოვე, რომ პარლამენტში მოვიდეს კონტრდაზვერვის შეფი და წარმოადგინოს, თუ რამე აქვს,“ – ამბობს ალეკო ელისაშვილი.
იხილეთ ვრცლად ინტერვიუ