LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა ღლონტი: „ისეთი მაგარი მეკვლე ვარ, ჩემს ოჯახში ვერავინ ბედავს მეკვლედ მოსვლას… ვინც გასათხოვარი იყო, გათხოვდა, ვისაც ბინა ჰქონდა შესაძენი, შეიძინა…“

300
ლაშა-ღლონტი

ლაშა ღლონტისთვის ახალი წელი ბოლო 15 წელიწადია, სცენაზე იწყება, თუმცა მასთან ერთად ყოველთვის არიან მისი ოჯახის წევრებიც.

ლაშა ღლონტის ოჯახში როგორი საახალწლო ტრადიციებია?

იყო დრო, როცა მქონდა საოცარი ტრადიციები, მაგრამ 15 წელია, აღარ არსებობს – მოგეხსენებათ, სოლოკარიერის გარდა, „ალილოს“ წევრი ვარ, ბევრი ღონისძიებაა და 15 წელია, ახალ წელს სახლში არ შევხვედრივარ, თუმცა ჩემი ოჯახის წევრები ყოველთვის ჩემთან არიან. ორჯერ შევხვდი ახალ წელს თვითმფრინავში, ასე მომიწია, იქაც ძალიან საინტერესო იყო. მგზავრებმა აღვნიშნეთ ერთად. პილოტიც გამოვიდა, მაგრამ არ დავალევინეთ, არ შეიძლებოდა. ერთი გამოვიდა, მეორე დარჩა და ასე…

მეკვლეს ტრადიციას თუ აღიარებთ?

მე ვარ ძალიან მაგარი მეკვლე, ამიტომ ჩემს ოჯახში ვერავინ ბედავს მეკვლეობას (იცინის). ღონისძიებიდან რომ ვბრუნდები სახლში, მეკვლედ შევდივარ, მაგრამ არავინ მხვდება, რადგან ოჯახის წევრებიც ჩემთან ერთად არიან ხოლმე.

რა არის ასეთი მაგარი თქვენს მეკვლეობაში?

გასათხოვარი ვინც იყო, გათხოვდა, მანქანა  ვისაც უნდა ეყიდა, იყიდა, ახალი ბინა უნდა შეეძინა და შეიძინა, ასე რომ, ძალიან კარგი ფეხი მაქვს. ახლა ვფიქრობ, კომერციულადაც ხომ არ გამოვიყენო, მაგრამ ჯერჯერობით არ არის ამის აუცილებლობა, დადგება დრო და პენსიაზე რომ გავალ, მერე შეიძლება ამაზე ფიქრი (იცინის).

პენსიამდე ჯერ შორია… ლაშა, 2023 წელს როგორ შეაჯამებთ?

ზოგადად, ძალიან ბედნიერი იყო, ყველა ჩემიანი იყო კარგად. იმიტომ არ ვამბობ, რომ მოდაშია და ტრენდია, მართლა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით ევროკავშირისა და ჩვენი ევროპული მომავლისკენ. თუ ევროკავშირის წევრები გავხდით და იმედია, გავხდებით, ძალიან ბევრი რამ შეიცვლება საქართველოში.

ევროკავშირშიც და მის გარეთაც თოვლის ბაბუას, სანტა კლაუსს აქვს თავისი დატვირთვა. თქვენი შვილიშვილებისთვის ხართ თოვლის ბაბუა?

რა თქმა უნდა, მაგრამ ისეთი თაობა მოდის, ვერაფერს მოატყუებ. ძალიან კარგად იციან, 2 და 5 წლის ასაკშიც კი, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს. სხვანაირი თაობა მოდის. ზღაპრების მაინცდამაინც არ სჯერათ, მაგრამ ჯანდაბას, იყავი თოვლის ბაბუაო. საჩუქრები მუდმივია, – ახალი წლისთვის თუ სხვა დღეებისთვის. ჩემი მეუღლე ამენეჯმენტებს საჩუქრების ამბავს. თუკი საზღვარგარეთ ვარ, მაგალითად, ამერიკაში, ვცდილობ, შავ პარასკევს მოვხვდე, რომ სადღესასწაულო ფასდაკლებებით ვისარგებლო და შვილიშვილებსაც ჩამოვუტანო საჩუქრები და სრულიად უცნობი ადამიანებისთვისაც ჩამომაქვს ხოლმე… ჩვენს სამეგობროს ასეთი ტრადიცია აქვს, ვისაც არ აქვს საშუალება, მათთვისაც ვყიდულობთ საჩუქრებს. ამას განსაკუთრებული აფიშირება ცოტა უხერხულია, მაგრამ ყველას მოვუწოდებ, მიმოვიხედოთ გარშემო, მარტო ჩვენი ბედნიერებითა და სიხარულით არ დავკმაყოფილდეთ… თუ ევროპისკენ წავალთ, გაჭირვებული ნაკლები იქნება, ამისიც მჯერა…

რა თქმა უნდა, ერთი დღე გექნებათ საახალწლოდ ისეთი, როცა ოჯახი ერთად იკრიბებით. შვილიშვილები ამღერდნენ უკვე ასეთ დღესასწაულებზე, თქვენთან ერთად?

შეძლებისდაგვარად, მღერიან. არ არის აუცილებელი, ოჯახში ყველა პროფესიონალურად მღეროდეს.

თქვენმა ქალიშვილმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ მამის სიმკაცრის გამო სიმღერაში გარკვეული პერიოდი პაუზა აიღო. შვილიშვილებთანაც ასეთივე მკაცრი იქნებით სიმღერასთან დაკავშირებით?

შვილიშვილებთან ყველანაირი ლოგიკა კარგავს აზრს. რადიკალურად შეცვალეს ჩემი ცხოვრება. ადამიანი, ვისაც შვილიშვილი ჯერ არ ჰყავს, ამას ვერ მიხვდება, ისტორია, ჯაჭვი, გენეტიკა… ხვდები, რომ გაიარე ცხოვრება, უფრო დიდი გამოცდილებაც გაქვს. მოეფერეთ შვილებსაც და შვილიშვილებსაც, წარმოაჩინეთ მათი დადებითი თვისებები და უნარები. ებრაელებს აქვთ ძალიან კარგი აღმზრდელობითი მიდგომა – შვილებს აღმერთებენ, რაც საუკეთესო აქვთ, იმ თვისებებს წევენ წინ, ამიტომაც ჰყავთ ამდენი ნობელის პრემიის ლაურეატი (იღიმის). ყველა ადამიანი იბადება ნიჭით, რომელიც უნდა იპოვოს და განავითაროს. ჩვენს სტუდიაში დადიან ბავშვები, რომელთაც სხვადასხვა ნიჭი აქვთ, არა მხოლოდ სიმღერით და ვეხმარებით, რომ ყოველმხრივ განავითარონ საკუთარი უნარები…

ინტერვიუ: ნინო მურღულია

ფოტო: დათუნა აგასი