13 ივნისს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემის „არტ-FM“-ის სტუმრებმა, პროდიუსერმა ანი ლაღიძემ, ანსამბლ „იბერის“ ხელმძღვანელმა ბუბა მურღულიამ და თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სიმფონიური ორკესტრის პირველმა ვიოლინომ ლელა მჭედლიძემ ფესტივალზე „თბილისი რიტმზე“ ისაუბრეს, რომელიც 24 ივნისს აიღებს სტარტს და 28 ივნისს დაიხურება.
– ანი, როგორ გაჩნდა ფესტივალის შექმნის იდეა?
– ძალიან საინტერესო პრეისტორია აქვს ფესტივალს, რადგან უამრავი საინტერესო პროექტის განხორციელება შევძელით. 2004 წელს არაჩვეულებრივი საღამო გავმართეთ ოპერის თეატრში ჯაზის ტანგოსთან გაერთიანებით და სწორედ მაშინ გავაცანით პუბლიკას ახალი ინსტრუმენტი – ბანდონეონი. მოგვიანებით პაატა ბურჭულაძის 25-წლიანი მოღვაწეობისადმი მიძღვნილი საღამო და რიჩარ გალიანოს ექვსი კონცერტი მოვაწყვეთ. მართალია, ბევრი სკეპტიკურად განეწყო, რადგან მსმენელი ნაკლებად იცნობდა გალიანოს, მაგრამ ჩვენ მაინც გავრისკეთ, მოვიწვიეთ და რისკმა გაამართლა. მნიშვნელოვან მოვლენად იქცა ხოაკინ კორტესის ფლამენკოს თეატრთან თანამშრომლობა, რომლის წყალობით ორი ბრწყინვალე პროექტი განვახორციელეთ და ბორის ეიფმანის უნიკალური დასის გასტროლები საქართველოში.
2017 წელს, ფესტივალი „თბილისი რიტმი“ დაარსდა, რომელიც ვირტუოზი მუსიკოსების რიშარ გალიანოს, პაოლო ფრეზუს და იან ლუნდგრენის საღამოთი გაიხსნა „შატო მუხრანში“. ღვინის კომპანია ყოველთვის გულშემატკივრობდა ხელოვნებას და ჩვენც მხარში ამოგვიდგა. 2020 წელს ფესტივალმა სოსო ლაღიძის სახელი შეიძინა, თუმცა პანდემიის პერიოდს დაემთხვა, ძალიან გაგვიჭირდა, მხოლოდ სამი პროექტი განვახორციელეთ ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით, მაგრამ ფესტივალის ჩატარებაზე მაინც არ ვთქვით უარი.
წელს ფესტივალი, რომელმაც „საკულტო პროექტის“ სახელი შეიძინა, 24 ივნისს გაიხსნება თბილისის საკონცერტო დარბაზში კლინტ ისტვუდის კინომუსიკით და 28 ივნისს დაიხურება ორნაწილიანი პროგრამით მარჯანიშვილის თეატრში. პირველ ნაწილში ქართული პოლიფონიური მუსიკის ანსამბლი „იბერი“ წარდგება მაყურებლის წინაშე, რომლისთვისაც ერთგვარი დებიუტი შედგება ქართულ სცენაზე, რადგან 11-წლიანი არსებობის მანძილზე მხოლოდ პრესტიჟულ საერთაშორისო ფესტივალებში მონაწილეობდა. მიხარია, რომ დასკვნითი კონცერტის პირველ ნაწილში სწორედ მრავალხმიანი ნაციონალური მუსიკა შესრულდება ბუბა მურღულიას ხელმძღვანელობით, მეორე ნაწილში კი, ბრაზილიური ინსტრუმენტული მუსიკის ახალი თაობის ყველაზე მოთხოვნადი არტისტები რენატო ბალვაო, სალომაო სოარესი და ჰამილტონ დე ჰოლანდა შესთავაზებენ პუბლიკას საკუთარ შემოქმედებას და სხვა კომპოზიციებთან ერთად ანტონიო ჟობიმის ცნობილ ნამუშევრებიც შეასრულებენ.
– ლელა, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ამგვარ ფესტივალში მონაწილეობა?
– პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ დიდი პატივია ქალბატონ ანისთან თანამშრომლობა, რადგან ყოველთვის ძალიან მიყვარდა ფესტივალი „თბილისი რიტმი“. თავიდან მხოლოდ მაყურებელი ვიყავი, ახლა კი, თვითონაც სიამოვნებით ვმონაწილეობ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად.
– რა პროგრამით წარდგებით მსმენელის წინაშე?
– (ანი ლაღიძე) ვფიქრობ, განსაკუთრებული მუსიკალური საღამო იქნება, რადგან
მრავალფეროვანი, ძალიან ემოციური მელოდიები – ამერიკული კინოს ლეგენდის კლინტ ისტვუდის ფილმების საუნდთრეკების გაორკესტრებული ვერსიები შესრულდება. ალბათ იცით, რომ ამგვარი საღამო უკვე მოეწყო ლიონში და პუბლიკის მოწონება დაიმსახურა, პირადად ვესწრებოდი პრემიერას და აღფრთოვანებული დავრჩი, რადგან მართლაც არაჩვეულებრივი პერფორმანსი მოეწყო კინოსა და მუსიკის სინთეზით. ბრწყინვალე კომპოზიტორი და ინსტრუმენტალისტია კაილ ისტვუდი, რომელმაც ფანტასტიკური მუსიკა შექმნა მამის ფილმებისთვის. ამაღელვებელი და ძალიან სიმბოლურია, რომ ერთის მხრივ, ფესტივალი უკავშირდება ჩემი მამის – სოსო ლაღიძის სახელს, მეორეს მხრივ, კაილ ისტვუდი გაუკეთებს საჩუქარს საკუთარ მამას. დღეგრძელობა მინდა ვუსურვო 92 წლის კლინტ ისტვუდს, რომელიც ასაკის მიუხედავად, მაინც ჩვეულ რეჟიმში, ახალგაზრდული შემართებით აგრძელებს მუშაობას. სიამოვნებით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს სიმფონიურ ორკესტრს ცნობილი დირიჟორი გასტ ვალცინგი უხელმძღვანელებს.
– (ლელა მჭედლიძე) დიდი ხანია ვიცნობ კაილ ისტვუდს. საოცრად ნიჭიერი და მრავალფეროვანი მუსიკოსია, რადგან არა მხოლოდ კვინტეტთან ერთად აწყობს ჯაზ-კონცერტებს, არამედ სოლო საღამოებსაც ხშირად მართავს. ძალიან საინტერესო პროექტი მოვამზადეთ, რადგან ჯაზისა და სიმფონიური მუსიკის ერთგვარი სინთეზით შევთავაზებთ მაყურებელს კომპოზიციებს საყვარელი ფილმებიდან. მიხარია, რომ პარტიტურები უკვე მივიღეთ და აქტიურად შევუდექით მუშაობას, სამუშაო კი, მართლაც ძალიან ბევრი გვაქვს, რადგან ორკესტრი სრული შემადგენლობით წარდგება პუბლიკის წინაშე.
– ბუბა, როგორ ემზადებით კონცერტისთვის?
– დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ ანის ფესტივალზე მიწვევისა და ნდობის გამოცხადებისთვის. მართლაც დიდი პატივია ასეთ პროექტში მონაწილეობა, მით უფრო, რომ დარწმუნებული ვარ, საინტერესო საღამო შედგება. დასკვნით კონცერტს ქართველები გავხსნით მრავალფეროვანი და ძალიან განსხვავებული პროგრამით, ბრაზილიელები კი, ცეცხლოვანი რიტმებით დახურავენ.
– (ანი ლაღიძე) „იბერი“ ცოტა ხნის წინ დაბრუნდა პორტუგალიიდან. მიხარია, რომ მათი უცხოური კონცერტები ყოველთვის ანშლაგით იმართება და ორმაგად სასიხარულოა, რომ ასეთი ანსამბლი ჩვენს ფესტივალშიც მიიღებს მონაწილეობას.