LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პაემანი თბილისთან“, რომლის დადგმაზე დიდი ხანია ვოცნებობ, ერთგვარი შემაჯამებელი პროექტი იქნება, რადგან ყველა იმ ღონისძიების ფრაგმენტებს გააერთიანებს, რომელზეც ოდესმე მიმუშავია – დავით ოქიტაშვილი გადაცემაში „არტ-FM“

646
დავით-ოქიტაშვილი

2 აპრილს რადიო „ფორტუნას“ და გადაცემის „არტ-FM“-ის სტუმარმა, საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტმა დავით ოქიტაშვილმა იმ ღონისძიებებზე ისაუბრა, რომელთა გამართვა 2024 წელს იგეგმება.

„პაემანი თბილისთან“ – საოცნებო პროექტი

ოქტომბრის თვეში პროექტს „პაემანი თბილისთან“ შევთავაზებ პუბლიკას, რომლის დადგმაზე დიდი ხანია ვოცნებობ. „პაემანი ვერაზე“ უკვე გავაკეთე ბატონ გიზო ნიშნიანიძესთან, ქალბატონ ნანი ბრეგვაძესთან ერთად და არაჩვეულებრივი პერფორმანსი გამოვიდა, თუმცა „პაემანი თბილისთან“ ბევრად მნიშვნელოვანი, ერთგვარი შემაჯამებელი პროექტი იქნება, რადგან ყველა იმ ღონისძიების ფრაგმენტებს გააერთიანებს, რომელზეც ოდესმე მიმუშავია. წარმოდგენა ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში მოეწყობა და უამრავ ისტორიას გააცოცხლებს ახალგაზრდა მსახიობების მონაწილეობით.

ნაციონალური ბალეტის კონცერტები ბათუმში

10 წელია სუხიშვილების ანსამბლი ერთგვარ ანგარიშს აბარებს თაყვანისმცემელს და საზაფხულო სეზონს აწყობს ბათუმში. რა თქმა უნდა, კონცერტებს ყოველთვის უამრავი ქართველი და უცხოელი სტუმარი ესწრება, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თორნიკე რიჟვაძეს და მის კოლეგებს, რომელთა დახმარების გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა მსგავსი მასშტაბის ღონისძიების მოწყობა.

დარწმუნებული ვარ, 14-16 აგვისტოს პუბლიკა ნამდვილ საოცრებას იხილავს ბათუმის მუსიკალურ ცენტრში, მით უფრო, რომ ანსამბლი ახალი და სრულიად განსხვავებული პროგრამით წარდგება მათ წინაშე. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ბათუმური კონცერტებისთვის ქალბატონი ნინო და ბატონი ილიკო ყოველთვის ახალ ცეკვებს ამზადებენ და არასდროს იმეორებენ ძველს. ნაციონალური ბალეტი მართლაც ისტორიული ანსამბლია და ძალიან მიხარია, რომ ქალბატონი ნინო და ბატონი ილიკო ბრწყინვალედ აგრძელებენ ოჯახურ ტრადიციას. გუშინ პირველად დავაანონსე დაგეგმილი კონცერტები და საოცარი გამოხმაურება ჰქონდა, ამიტომ ყველა მინდა გავაფრთხილო, რომ ბილეთების რეალიზაცია აპრილის თვიდან დაიწყება.

ია ნინიძის ვარსკვლავი

ია ნინიძის ვარსკვლავი უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ მაისის თვეში გაიხსნება რუსთაველის კინოთეატრის წინ. ქალბატონი ია მართლაც არაჩვეულებრივი მსახიობია, რომელიც ჯერ კიდევ ბავშვობაში შეიყვარა პუბლიკამ. თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ძალიან საინტერესო ღონისძიების მოწყობას ვგეგმავთ, რომელსაც თავად ქალბატონი ია გაუწევს ორგანიზებას. თარიღი ჯერ დაზუსტებული არაა, რადგან უამრავი ქართველი და უცხოელი მსახიობი გეგმავს საზღვარგარეთიდან ჩამოსვლას. არასდროს დამავიწყდება სოფიკო ჭიაურელის და ია ნინიძის ურთიერთობა. სწორედ იას ჩამოყვანა მთხოვა ქალბატონმა სოფიკომ, როცა ძალიან ცუდად იყო და მართლაც საოცარი შეხვედრა ჰქონდათ.

რა თქმა უნდა, შეიძლება იყო დიდი ხელოვანი, მაგრამ არ ვარგოდე ადამიანად, ია ნინიძე კი, ბრწყინვალე პიროვნებაა, რომელსაც ყველა გულწრფელად უყვარს. ბევრჯერ ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ვარსკვლავს ცნობილ ადამიანებს არა დათო ოქიტაშვილი, არამედ ის საზოგადოება უხსნის, რომელმაც ვარსკვლავად აქცია. ვფიქრობ, ნებისმიერი მსახიობისთვის ყველაზე დიდი ჯილდო სწორედ პუბლიკის სიყვარული და დაფასებაა.

ახალგაზრდა თაობა

სიამოვნებით ვურთიერთობ ახალგაზრდებთან, მით უფრო, რომ ბატონ დავით გურგენიძის წყალობით, პარალელურად ტექნიკურ უნივერსიტეტში ვმუშაობ, სადაც არაჩვეულებრივი ბავშვები გავიცანი. საოცრად ნიჭიერი ახალგაზრდები გვყავს, რომელთაც განსაკუთრებული ზრუნვა და მოფრთხილება, ნიჭის და შრომის დაფასება სჭირდება. შესაძლოა ხშირად სხვანაირად ფიქრობენ და ჩვენს აზრს არ ეთანხმებიან,  მაგრამ მაინც არ ღირს გაბრაზება. პირიქით, ყოველთვის უნდა მოვუსმინოთ, დავეხმაროთ და თუ საჭიროა, ერთად მივიღოთ გადაწყვეტილება. ძალიან ბედნიერი ვიყავი, როცა სტუდენტებთან ერთად ვგულშემატკივრობდი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს რესპუბლიკის მოედანზე, მათთან ერთად ვნერვიულობდი და მათთან ერთად გავიხარე ქართველი ფეხბურთელების ბრწყინვალე გამარჯვებით. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ბიჭებს, რომელთაც ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს და უზარმაზარი სიხარული გვაჩუქეს.

შარლ აზნავურის 100 წლის იუბილე

საინტერესო საღამოს შევთავაზებთ პუბლიკას 21 სექტემბერს, რომელიც შარლ აზნავურის 100 წლის იუბილეს მიეძღვნება. იუნესკოს ინიციატივით წელს ფრანგი მომღერლის წელი აღინიშნება და ჩვენც სწორედ მსოფლიო ტურის ფარგლებში მოვაწყობთ კონცერტს. მეტიც, სწორედ საქართველოდან აიღებს სტარტს გრანდიოზული ღონისძიება, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაგრძელდება. სხვათა შორის, აზნავურის მამა ახალციხეში დაიბადა, ამიტომ მის ოჯახს, რომელსაც ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა ჩვენი ქვეყნის მიმართ, ძალიან გაუხარდა, როცა გაიგო, რომ სწორედ საქართველოდან დაიწყება საიუბილეო კონცერტების სერია. ბედნიერი ვარ, რომ 2010 წელს, ახალციხეში მემორიალური დაფის გახსნისას პირადად გავიცანი უდიდესი მომღერალი. მართალია, აზნავური გარდაიცვალა, მაგრამ მის ოჯახთან მაინც ვაგრძელებ მეგობრობას.  

ახალი პროექტი „ფესვები“

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა მინისტრთან, ბატონ დავით ფაცაციასთან ერთად ახალი პროექტი ჩავიფიქრეთ, რომელიც ქართველ ემიგრანტებთან ინტენსიური შეხვედრებისა და კულტურული ღონისძიებების მოწყობას ითვალისწინებს. „ფესვების“ სახელი პროექტმა, რომელიც ივნისსა და ივლისში განხორციელდება, ამავე სახელწოდების ფილმის წყალობით მიიღო, ამიტომ ლაიტმოტივადაც ამავე ფილმის მუსიკა გასდევს.

Black Sea Arena

ძალიან ცხელი გაზაფხული და ზაფხული გველის, მით უფრო, რომ ბრწყინვალე კონცერტებს გვპირდება Black Sea Arena-ს ჯგუფი 10 მაისიდან. წარმატება მინდა ვუსურვო საოცარ ჯგუფს, რომელმაც მეტწილად ახალგაზრდები გააერთიანა საინტერესო იდეებითა და პროექტებით.

საყვარელი შვილიშვილი

ძალიან მიყვარს ჩემს ექვსი წლის შვილიშვილი, რომელმაც აბსოლუტურად შეცვალა ჩემი ცხოვრება. ერთი ამბავი მახსენდება, შვილიშვილს უთხრეს, „კარგად მოიქეცი, თორემ თოვლის ბაბუა საჩუქარს არ მოგიტანსო“ და ისიც არ დაიბნა, სხარტად უპასუხა, „რად მინდა თქვენი თოვლის ბაბუა, როცა დათო მყავს და ის მომიტანსო. საერთოდ არ მჯერა თოვლის ბაბუების, დათოს არ მინდა გული დავწყვიტო, თორემ კარგად ვიცი, ყველა საჩუქარს ის მჩუქნისო“. იგივე გაიმეორა სკოლაშიც, თანატოლებს გააგებინა, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობდა, რის გამოც სკოლიდან დამირეკეს და შენიშვნა მომცეს.

მართალია, ხშირად მიწვევენ ოჯახთან ერთად სხვადასხვა გადაცემაში, მაგრამ ჩემს ოჯახს  არ უყვარს აფიშირება და პუბლიკაზე გამოჩენა. ბედნიერი ვარ, რომ კარგად აღზრდილი შვილები და შვილიშვილი მყავს, რისთვისაც დიდად ვემადლიერები ჩემს მეუღლეს. გულწრფელად გვიყვარს ყველა და არავისთან ვიჩენთ ქედმაღლობას. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები