საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ხელისუფლება ზაზა გახელაძის დაუყონებლივ გასათავისუფლებლად ყველა ბერკეტს იყენებს, საკითხი მაღალ პოლიტიკურ დონეზეა დაყენებული და აქტიურად განიხილება საერთაშორისო პარტნიორებთან. აღნიშნული განცხადება პრემიერმა ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებთან გამართული შეხვედრის დროს გააკეთა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე პრემიერი ზაზა გახელაძის ოჯახს საქართველოს უკანონოდ დაკავებული მოქალაქის გასათავისუფლებლად ცენტრალური ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ესაუბრა.
ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა ზაზა გახელაძის და მისი ოჯახის მიმართ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკანონო პატიმრობიდან მისი დაუყონებლივ დახსნა სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
შეგახსენებთ, რომ ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 11 ივლისს დააკავეს. მას საზღვრის უკანონო კვეთასა და ე.წ ”მესაზღვრეებისთვის” ცეცხლის გახსნას ედავებიან.
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და ექვსი თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.
ზაზა გახელაძეს ყველაზე მსუბუქი სასჯელი დააკისრეს: მურად ჯიოევი