„ტყუილის ჭაობში ვართ და ეს კვლევებშიც აისახება“, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ NDI-ის კვლევის შედეგების შეფასებისას განაცხადა და თქვა, რომ საზოგადოება ტყუილით არის გაჯერებული და ამაში დიდ როლს სხვადასხვა პოლიტიკოსი ასრულებს.
ხაზარაძის თქმით, ეს არის ის მწარე რეალობა, რომელიც 30 წლის ქართულმა პოლიტიკამ და პოლიტიკოსებმა შექმნეს.
NDI - გამოკითხულთა 47%-მა განაცხადა, რომ არცერთი პარტია არ დგას მის შეხედულებებთან ახლოს, „ქართული ოცნება“ 19%-მა დაასახელა, „ნაციონალური მოძრაობა“ კი 4%-მა
NDI-ის ინფორმაციით, აღნიშნული ანგარიში 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).
„თავდაპირველად, ეს არის ტყუილი, რომლითაც გაჯერებულია ჩვენი საზოგადოება და რომელშიც ძალიან დიდ როლს ასრულებენ სხვადასხვა დროის და პარტიის პოლიტიკოსები.
ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, რომ ადამიანებს მხოლოდ და მხოლოდ სიმართლე ვესაუბროთ. ეს არის ერთადერთი გამოსავალი იმისათვის, რომ ამ ჭაობიდან გამოვიდეთ. ჩვენ ვართ ტყუილის ჭაობში და შესაბამისად, ეს კვლევებშიც აისახება“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
გარდა ამისა, მამუკა ხაზარაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიერ ახალი პარტიის ჩამოყალიბების გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას სტრატეგიულ პარტნიორად განიხილავს.
„მე მინდა ნიკა მელიას წარმატება ვუსურვო და ყველა იმ ადამიანს, ვინც ებრძვის აი, ამ რეჟიმს, რუსულ პოლიტიკას, რუსულ ხელისუფლებას საქართველოში.
იცით, რომ ნიკასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ჯერ კონკრეტული არანაირი გეგმა არ გვაქვს, მაგრამ მე მას, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს განვიხილავ“. – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
NDI: მოსახლეობის 83% ფიქრობს, რომ დეპრესია და შფოთვითი აშლილობა პრობლემას წარმოადგენს