LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კელი დეგნანი: სიურპრიზი იყო უარი სესხზე, რომელიც საქართველოს ევროკავშირისგან შეიძლება მიეღო… 75 მილიონი ევრო ცოტა ფული არ არის

83
კელი დეგნანი

„ჩვენთვის სიურპრიზი იყო. ცოტა არ იყოს გაკვირვებულები ვართ საქართველოს მთავრობის განცხადებით, რომ  პანდემიის მძიმე გავლენის და უმუშევრობის მაღალი დონის მიუხედავად, 75 მილიონი ევროს ოდენობის სესხი ევროკავშირისგან არ სჭირდებათ,“ – ამის შესახებ აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ სესხის დანიშნულება საქართველოს მნიშვნელოვანი რეფორმები გაეტარებინა და მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ რეფორმების გატარება არ შეწყვიტოს.

„რა თქმა უნდა ამას გამოეხმაურება ვაშინგტონიც. კონგრესი, რა თქმა უნდა უყურებს, რა პროცესები მიმდინარეობს საქართველოში, ჩვენ საკმაოდ ახლო კოორდინაციაში ვართ საქართველოს მთავრობასთან და ვიცით რა სჭირდება საქართველოს. 75 მილიონი ევრო ცოტა ფული არ არის,“ – დასძინა კელი დეგნანმა.

ამასთან, შტატების ელჩმა ყურადღება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებაზეც გაამახვილა, რომლის თანახმადაც, პარტიამ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის მზაობა გამოხატა. დეგნანის თქმით, პოლიტიკური შეთანხმების მისაღწევად, ეს კარგი ნიშანია.

ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვაზე კი – რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადების შესახებ, რომ რუსეთი მზად არის საქართველოსთან ურთიერთობა განაახლოს, დიპლომატმა უპასუხა, რომ საქართველოს რუსეთისგან, სხვადასხვა დროს, არაერთი განცხადება მოუსმენია, თუმცა, ისინი არადამაჯერებელია მანამ, სანამ რუსეთი არ დატოვებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს და არ შეასრულებს მის ვალდებულებებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები