პრემიერ-მინისტრი კიდევ ერთხელ ეხმიანება გუშინ გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გატაცების სცენარზე საუბრობს.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, არ შეიძლება ამ კადრების შემდეგ სააკაშვილს ვინმემ მხარი კიდევ დაუჭიროს.
“როგორ შეიძლება, ამ არასერიოზულ კაცს ამის შემდეგ ვიღაცამ კიდევ მხარი დაუჭიროს და ხმა მისცეს. კაცმა, რომელიც რამდენიმე წლის წინ ამბობდა, რომ ქინძი იყო, ახლა გამოდის, რომ სხვადასხვა პროდუქტთან ერთად იმოგზაურა ორი დღე.
წარმოიდგინეთ, კატასტროფაში ვართ პირდაპირ, როცა ეს ადამიანი ჯერ კიდევ აცხადებს პრეტენზიას, ახლა უკვე ციხიდან, პოლიტიკაში დარჩენაზე, მაგრამ მე მჯერა ჩვენი მოსახლეობის სიბრძნის. ამ არჩევნებს მშვიდად ჩავატარებთ. ჩვენი ამოცანაა, ეს იყოს თავისუფალი, გამჭვირვალე არჩევნები. დამკვირვებლების მაქსიმალური რაოდენობა იქნება მობილიზებული, რომ არავითარი საბაბი არ მივცეთ ამ დესტრუქციულ ძალას. მათ რაიმე სპეკულირების და პროვოკაციის მოწყობის საშუალება არ უნდა მიეცეთ. მშვიდად ჩავატარებთ, მოვიგებთ არჩევნებს ყველა მუნიციპალიტეტში, ქვეყანა გააგრძელებს მშვიდობიან განვითარებას და ჩვენი მთავარი საზრუნავი იქნება საქმე, საქმე და საქმე, მხოლოდ განვითარება და კეთილდღეობა ჩვენი მოსახლეობისთვის.” – განაცხადა ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, ტელეკომპანია “იმედმა” აღნიშნული ვიდეო გუშინ გაავრცელა.
მასში ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გატაცების სცენარზე საუბრობს. მედიის ინფორმაციით, სააკაშვილი სხვადასხვა სცენარისთვის ვიდეოებს იღებდა, მათ შორის, კი არის გატაცების სცენარიც.
ღარიბაშვილი სააკაშვილზე: აშკარად ჩანს, არ არის ფხიზელ მდგომარეობაში, გატაცებაზე ბოდავს