დღეს, 8 იანვარს, ირანმა ერაყში არსებულ მინიმუმ ორ ამერიკულ ბაზას ბალისტიკური რაკეტებით შეუტია.
თავდასხმა, რომლის დროსაც ამერიკული სამხედრო ბაზების მიმართულებით სულ მცირე 12 რაკეტა ისროლეს, გასულ კვირას ირანელი გენერლის, სოლეიმანის ლიკვიდაციას უკავშირდება.
მომხდარის შემდეგ მთელი მსოფლიოს ყურადღება თეთრ სახლზე იყო მიპყრობილი, თუმცა, მოგვიანებით განცხადების გაკეთება გადაიდო. დონალდ ტრამპი მომხდარს ტვიტერზე გამოეხმაურა.
“ყველაფერი კარგად არის! სარაკეტო შეტევა ერაყში მდებარე ორ სამხედრო ბაზაზე ირანიდან განხორციელდა. მსხვერპლისა და ზიანის შეფასება ახლა მიმდინარეობს. ჯერჯერობით ყველაფერი რიგზეა! ჩვენ საუკეთესო არმია გვყავს. განცხადებას დილით გავაკეთებ”, — წერს ტვიტერზე დონალდ ტრამპი.
განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა აიღო. მათ განცხადებაში ნათქვამია, რომ ნებისმიერი ქვეყანა, სადაც აშშ-ის სამხედრო ბაზებია განლაგებული, შეიძლება აგრესიის სამიზნე გახდეს.