BBC-ის ცნობით, ირანის ქალაქ არდებილში უსაფრთხოების ძალებმა 15 წლის სკოლის მოსწავლეს, ასრა ფანაჰის სცემეს, რის შემდეგაც გოგო დაიღუპა. ინფორმაციას აღნიშნული ფაქტის შესახებ, გამოცემა არდებილის მასწავლებელთა კავშირზე დაყრდნობით ავრცელებს.
მასწავლებელთა პროფკავშირის მტკიცებით, 15 წლის გოგონა, ჩრდილო-დასავლეთ ირანში, გასულ კვირას, მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც მას უსაფრთხოების ძალებმა სხვა მოსწავლეებთან ერთად, სკოლაში დარბევის დროს სცემეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ხელისუფლება არდებილის შაჰედის საშუალო სკოლაში გოგონებს უკანონოდ აიძულებდა, მონაწილეობა მიეღოთ პროსამთავრობო ღონისძიებაში.
ღონისძიების დასაწყისში, რამდენიმე მოსწავლემ მთავრობის წინააღმდეგ სკანდირება დაიწყო, რის შემდეგაც სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა დაცვის თანამშრომლებმა მათ შეურაცხყოფა მიაყენეს, ბევრი მათგანი კი სცემეს. ასრა ფანაჰის გარდაცვალებამ არდებილის მცხოვრებლების პროტესტი გამოიწვია.
რეზინის ტყვიები, ხელკეტები, მასობრივი დაკავებები – ირანში, ქალთა დემონსტრაციების შემდეგ, მასშტაბური პროტესტი სტუდენტებში გრძელდება
ახალგაზრდების 2-კვირიანი პროტესტის შემდეგ, ირანის პოლიცია ამჯერად თეირანის ერთ-ერთ ცნობილ უნივერსიტეტში სტუდენტებს დაუპირისპირდა.
„ასრა პანაჰი ერთ-ერთი იყო იმ რამდენიმე სტუდენტიდან, რომელიც არდებილში მომხდარ ინციდენტში დაშავდა. მათ თავს დაესხნენ უსაფრთხოების ძალები, როცა მათ უზენაესი ლიდერის ქება-დიდებაზე უარი თქვეს.“– ნათქვამია მასწავლებელთა პროფკავშირის განცხადებაში.
ცნობისთვის, ერთი თვის წინ ირანში დაწყებულ ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებს, რამდენიმე მოზარდი გოგოს სიცოცხლე შეეწირა. აქტივისტები და ახლობლები მათ სიკვდილში უსაფრთხოების ძალებს ადანაშაულებენ, რასაც ოფიციალური ირანის ხელისუფლება უარყოფს.
შეგახსენებთ, რომ ირანში არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც 22 წლის უფლებადამცველი გოგო, მაჰსა ამინი, თეირანში ზნეობის პოლიციამ ირანის მკაცრი წესების დარღვევის გამო, [რომელიც ქალებს თმის ჰიჯაბით დაფარვას ავალდებულებს] 13 სექტემბერს დააკავა.
როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, დაკავების შემდეგ, მას პოლიციელებმა ფურგონში სცემეს. პოლიცია ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ამინის „მოულოდნელად გულთან დაკავშირებული პრობლემები“ გაუჩნდა.
თავად ახალგაზრდა გოგოს ოჯახი კი ამბობს, რომ მაჰსა ჯანმრთელი იყო და არაფერი აწუხებდა. ცნობილია, რომ 22 წლის გოგო გარდაცვალებამდე კომაში იყო.
ამავე თემაზე:
„სიკვდილი დიქტატორს!“ – ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებს უნივერსიტეტები და სკოლები შეუერთდნენ
ირანის სახელმწიფო ტელევიზია: საპროტესტო აქციებზე არეულობისას, 26 ადამიანი დაიღუპა
„სიკვდილი დიქტატორს“ – ირანში აქციაზე ქალებმა ჰიჯაბები დაწვეს
ვიდეო: ირანელი ქალების სოლიდარობის ნიშნად, ევროპარლამენტის სესიაზე შვედმა დეპუტატმა თმა მოიჭრა