LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირანი საქართველოში სხვადასხვა პროდუქციის მოყვანას გეგმავს

66

სასტუმრო „ბილტმორში“ საქართველო-ირანის ბიზნესფორუმი გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორები საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იყო.

ფორუმის ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას ეკონომიკისა და მდგრადი გავითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა, ირანის ისლამური რესპუბლიკის კოოპერაციის, შრომისა და სოციალური კეთილდღეობის მინისტრმა ალი რაბიიმ და ირანი-საქართველოს ერთობლივი სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა სეიდე ფატმე მოგიმიმ სიტყვით მიმართეს.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა აღნიშნა, ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში 30-მდე ირანული კომპანია ჩამოვიდა. მისივე თქმით, ფორუმის ფარგლებში ირანული კომპანიებისთვის საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ პრეზენტაცია გაიმართება.

„წარმოდგენილია ძალიან ფართო სპექტრი, ირანული ბიზნესდელეგაციის ინტერესის ძირითადი სფეროებია – ფარმაცევტიკა, ქიმური მრეწველობა, გაზი და ნავთობი, ტრანსპორტი და ლოჯისტიკა, კვების მრეწველობა, ტექსტილი, გადამამუშავებელი მრეწველობა. გაიმართება ორმხრივი შეხვედრები ქართველ და ირანელ ბიზნესმენებს შორის, მომავალი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დამყარების მიზნით“, – განაცხდა ნინო ჩიქოვანმა.

ირანის კოოპერაციის, შრომისა და სოციალური კეთილდღეობის მინისტრის ალი რააბის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის 25 წელია, რაც დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა და საქართველოსა და ირანს ბევრ სფეროში აქვს სამუშაო, რათა თანამშრომლობა განავითარონ.

„ეს თანამშრომლობა მოიცავს ბევრ სფეროს, კერძოდ, ენერგეტიკას, სოფლის მეურნეობას. ირანში არის წყლის დეფიციტი, ჩვენ ასევე შეგვიძლია, რომ საქართველოში მოვიყვანოთ სხვადასხვა პროდუქცია და გავიტანოთ ირანში. ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ტრანსპორტი. ამ კუთხით ჩვენ გაწერილი გვაქვს რამდენიმე სატრანსპორტო დერეფანი, რაც ხელს შეუწყობს ტრანზიტული ტვირთების გატარებას ორ ქვეყანას შორის. კომისიის ფორმატი ძალიან კარგია იმისთვის, რომ ჩვენმა ქვეყნებმა განავითარონ თანამშრომლობა ეკონომიკის სფეროში“, – განაცხადა ალი რაბიიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები