საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიის დელეგაციის ხელმძღვანელს მარინა კალიურანდს შეხვდა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის სხვადასხვა სფეროში არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას და ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესს.
გავრცელებული ინფორმაციით, მარინა კალიურანდმა პრემიერს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის წარმატებული შედეგები მიულოცა და საქართველოს ევროინტეგრაციისადმი მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა.
შეხვედრისას მხარეებმა ევროკავშირის მედიაციით მიმდინარე პოლიტიკური დიალოგი განიხილეს:
“აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ორივე მხარემ მიმართოს ძალისხმევა, რათა პროცესი წარიმართოს კონსტრუქციულ გარემოში და მიღწეული იყოს კონსენსუსი. ხაზგასმით ითქვა, რომ მნიშვნელოვანია პოლიტიკურმა პარტიებმა საკუთარ ინტერესებზე მაღლა დააყენონ საქართველოს მოქალაქეების ინტერესები და თავიანთი ნაბიჯების გადადგმისას ქვეყნის გრძელვადიანი ინტერესებით იხელმძღვანელონ.” – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების კუთხით შექმნილ გამოწვევებს. ასევე აღინიშნა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკა კონფლიქტის დარეგულირების პროცესში და ევროპარლამენტის მტკიცე მხარდაჭერა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.
შეგახსენებთ, ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მეექვსე სხდომა 16 მარტს გაიმართა.
უკვე მეორე დღეა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტსა და ნატო-ში, მაღალი დონის შეხვედრებში მონაწილეობს.