საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საგარეო ვაჭრობის საკითხებში არაბეთის გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრს თანი ბინ აჰმედ ზეიუდის შეხვდა, რომელიც საქართველოში „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის” ფარგლებში იმყოფება.
შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობები, საქართველოში არსებული ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო და პოტენციალი და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების (CEPA) მნიშვნელობასაც. ხაზი გაესვა, რომ აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმების შედეგად საქართველო საამიროებთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით სარგებლობს, რაც გულისხმობს, რომ საქართველოსთვის დამატებით გაიხსნა 10-მილიონიანი მაღალმსყიდველობითუნარიანი ბაზარი.
შეხვედრაზე, ასევე, ისაუბრეს საქართველოს გეოსტრატეგიული მდებარეობისა და ისტორიული სატრანზიტო როლის შესახებ. აღინიშნა, რომ მიმდინარე გეოპოლიტიკური მოვლენების ფონზე საქართველოს, როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი ქვეყნის როლი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა.