საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მთავრობის სხდომაზე 2016 წლის ბიუჯეტის გადანაწილების შესახებ ინფორმაცია წარადგინა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ხელისუფლება ასრულებს დანაპირებს- 2016 წლის ბიუჯეტი სოციალურად ორიენტირებული იქნება და ამ მიმართულებით ხარჯები გაიზრდება.
„თუ 2012 წელს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაწეული ხარჯები შეადგენდა 1.8 მილიარდ ლარს, 2016 წელს იგი გადააჭარბებს 3 მილიარდ ლარს, ხარჯები თითქმის გაორმაგებულია. მხოლოდ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შეუფერხებელი განხორციელებისათვის გამოყოფილია 570 მილიონ ლარამდე. დღეს ყველა მოქალაქე არის დაზღვეული და სახელმწიფო ფარავს მათი მკურნალობის ხარჯებს,“–განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, დევნილთა განსახლების ღონისძიებებისთვის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 85 მილიონი ლარი, მაშინ როდესაც სამინისტროს ბიუჯეტი 2012 წელს 25 მილიონ ლარს შეადგენდა.
ირაკლი ღარიბაშვილმა განათლების სისტემის ბიუჯეტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჯანდაცვის მიმართულების შემდეგ, ყველაზე დიდი ფინანსური რესურსი განათლებაზე იქნება მიმართული.
„ამისათვის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 1 მილიარდ ლარზე მეტი. 2012 წელთან შედარებით 2016 წელს 55%–ით იქნება გაზრდილი განათლების სისტემის ბიუჯეტი. 2015 წლის 1 აპრილიდან გაიზარდა პედაგოგთა საბაზო ხელფასი გაიზარდა 405 ლარამდე. საშუალო ხელფასი 2016 წლისათვის, 2012 წელთან შედარებით, ჯამში გაიზრდება 70%-ით. ასევე გაიზარდა მეცნიერთა ხელფასები,“–განაცხადა ღარიბაშვილმა.